საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით შემუშავებული სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“, მელიორაციის კუთხით მნიშვნელოვან შეღავათებს ითვალისწინებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შპს საქართველოს მელიორაციიდან აცნობეს, ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან თავისუფლდებიან.
31 ივლისის მონაცემებით, დაწესებული სახელმწიფო შეღავათით ისარგებლა და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლდა 12 869 აბონენტი. ბენეფიციართა დანაზოგმა 1 802 411 ლარი შეადგინა.
მათივე ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, წყალმომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება.