მაისს-ივნისთან შედარებით, როდესაც ვარდნა 13.5 და 16,6 პროცენტს შეადგენდა, ეკონომიკური კლების ტემპის ტენდენცია გადატეხილია, რაც ასევე აჩვენებს, რომ ტურიზმის სექტორში, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ეკონომიკაში საერთო ჯამში გაჯანსაღების ტენდენცია შეინიშნება, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება.
ცუცქირიძის თქმით, ივნისში ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, წინა თვესთან შედარებით მკვეთრად არის შემცირებული კლების ტემპი და შესაბამისად, ნაკლებია უარყოფითი წვლილი ეკონომიკურ ზრდაში.
როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, კიდევ ერთხელ გაქარწყლდა ოპოზიციის პესიმისტური პროგნოზები, ეკონომიკის იძულებითი ჩაკეტვის გამო, ეკონომიკის მოსალოდნელ კოლაფსზე და ანტიკრიზისული სამთავრობო სტრატეგიის არაეფექტურ და მცდარ სტრატეგიაზე.
"საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ივნისში ეკონომიკა 7.7 პროცენტით შემცირდა, ხოლო იანვარ-ივნისის კლების მაჩვენებელი 5.8 პროცენტია და წლიური ვარდნის საპროგნოზო მაჩვენებელს მიუახლოვდა. კოვიდკრიზისული ტენდენციების ფონზე, მაისს -ივნისთან შედარებით, როდესაც ვარდნა 13.5 და 16,6 პროცენტს შეადგენდა, ეკონომიკური კლების ტემპის ტენდენცია გადატეხილია, რაც ასევე აჩვენებს, რომ ტურიზმის სექტორში, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ეკონომიკაში საერთო ჯამში გაჯანსაღების ტენდენცია შეინიშნება.
აღსანიშნავია, რომ ივნისში ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, წინა თვესთან შედარებით მკვეთრად არის შემცირებული კლების ტემპი და შესაბამისად, ნაკლებია უარყოფითი წვლილი ეკონომიკურ ზრდაში. ამასთან, სამთომოპოვებითი მრეწველობისა და წყალმომარაგების, კომუნალური მომსახურების და ნარჩენების მართვის სექტორებში კლების ნაცვლად ზრდა დაფიქსირდა. ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე მიმართული ფისკალური და ეკონომიკის მასტიმულირებელი მონეტარული პოლიტიკის, ასევე მთავრობის მიერ კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებული საკომპენსაციო ღონისძიებების შედეგად მოსალოდნელია, რომ შემდგომ თვეებში ეკონომიკის მთელ რიგ სექტორებში მნიშვნელოვანი გაჯანსაღება მოხდება, მიუხედავად ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად მოქმედი საერთაშორისო ტურიზმისა.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკაში მოხმარების და შესაბამისად ეკონომიკური აქტივობის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, მთავრობის ანტიკრიზისულმა პროგრამამ, რაც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის მხარდაჭერით მიმდინარეობს: დეველოპმენტის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის მიმართულებით გრძელდება, რაც წლის ბოლომდე მხოლოდ დადებითად იმოქმედებს ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე. ამასთან, მოხმარების ზრდაზე დადებითად იმოქმედებს პანდემიით დაზარალებული საქართველოს მოქალაქეების იმ ნაწილისთვის, რომელმაც პანდემიის შედეგად დაკარგა შემოსავლები, საკომპენსაციო ღონისძიებებით გათვალისწინებული თანხის გაცემა.
ანტიკრიზისული გეგმის ეკონომიკური ეფექტის შესადარებლად, მთავარ ინდიკატორად სწორედ ვარდნის ტემპების შემცირება და პოზიტიურ ტრენდზე გადასვლა უნდა მივიჩნიოთ. კიდევ ერთხელ გაქარწყლდა ოპოზიციის პესიმისტური პროგნოზები, ეკონომიკის იძულებითი ჩაკეტვის გამო, ეკომიკის მოსალოდნელ კოლაფსზე და ანტიკრიზისული სამთავრობო სტრატეგიის არაეფექტურ და მცდარ სტრატეგიაზე“,- წერს გიორგი ცუცქირიძე.