ევროზონის ეკონომიკა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 12,1 პროცენტით შემცირდა მაშინ, როდესაც ევროკავშირის საერთო მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა 11,9 პროცენტით, - ამის შესახებ ინფორმაცია ბლოკის სტატისტიკურმა ოფისმა – ევროსტატმა გამოაქვეყნა.
როგორც ევროსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „ეს არის ყველაზე მკვეთრი ვარდნა მას შემდეგ, რაც შესაბამისი მონაცემების დამუშავება 1995 წელს დაიწყო”.
ევროკავშირის იმ წევრებს შორის, რომელთა შესახებაც ევროსტატმა მიიღო ეკონომიკური მონაცემები, მეორე კვარტალში წინა შესადარებელ პერიოდთან შედარებით ყველაზე მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა ესპანეთში – 18,5 პროცენტი. ესპანეთს მოჰყვება პორტუგალია (–14,1 პროცენტი) და საფრანგეთი (–13,8 პროცენტი). ყველაზე ნაკლები ვარდნა დაფიქსირდა ლიეტუვაში (–5.1 პროცენტი). იტალიაში შემცირების მაჩვენებელი 12,4 პროცენტია, ხოლო გერმანიის ეკონომიკა 10,1 პროცენტით შემცირდა.
ეკონომიკის კომისარმა პაოლო ჯენტილონიმ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა, რომ „საშინელი ციფრები ადასტურებს „კოვიდ 19-ის უპრეცედენტო ეკონომიკურ შედეგებს, რაც გავლენას ახდენს ევროპის ყველა ქვეყანაზე“.
Capital Economics-ის ევროპის მთავრი ეკონომისტის, ენდრიუ კენინგჰემის განცხადებით, „მონაცემები ნაკლებად იმედის მომცემია“.
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეკონომიკის ნაწილი გამოცოცხლდა, უკვე მიყენებული ზიანი, ვირუსის ამჟამინდელ და მომავალ პოტენციურ ზემოქმედებასთან ერთად ნიშნავს, რომ აღდგენის პროცესი მტკივნეულად ნელი იქნება“, - თქვა მან.
ING-ის ევროზონის მთავარი ეკონომისტის, ბერტ კოლინის განცხადებით, როგორც ჩანს, ესპანეთი ევროზონის სხვა წევრებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ვარდნის უფრო მაღალი მაჩვენებლით.
„საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, [2020 წლის მეორე კვარტალში] ესპანეთი ჩამორჩებოდა იტალიასა და საფრანგეთს აღდგენის თვალსაზრისით, მაგრამ განსხვავება მოსალოდნელზე მეტია და რადგან ხელახლა გახსნის ღონისძიებები [მესამე კვარტალში] შეფერხდა ადგილობრივად, როგორც ჩანს, ესპანეთი განწყობილია ხანგრძლივი ვარდნისთვის“, – აღნიშნა კოლინმა.
ევროსტატი მეორე კვარტალის განახლებულ შეფასებებს 14 აგვისტოს გამოაქვეყნებს.