2020 წლის 12 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, პირბადის ტარების წესის დარღვევის 831 შემთხვევა გამოვლინდა.
„ინტერპრესნიუსმა“ შესაბამისი ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.
უწყების ცნობით, შესაბამისი რეგულაციის ამოქმედების დღიდან ანუ 12 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42 მუხლით ("პირბადის ტარების წესის დარღვევა") გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობა 831-ია, საიდანაც 810 ფიზიკური პირი, ხოლო 1 იურიდიული პირია.
შეგახსენებთ, 12 ივნისს პარლამენტმა პირბადის ტარების წესის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით, 76 ხმით დაამტკიცა. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესული ცვლილების თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა ფიზიკური პირის 20 ლარით, ხოლო დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება ამ სივრცის მფლობელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ამასთან, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს პირბადის ტარება სავალდებულო გახდა საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ტაქსით მგზავრობის დროსაც. ამ წესის დამრღვევი პირი, იქნება ეს მგზავრი თუ მძღოლი, 20 ლარით ჯარიმდება.