„პარლამენტის პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ 3-მა დეპუტატმა გააცდინა“. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევაშია აღნიშნული, რომელიც 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შეფასებას მიეძღვნა.
როგორც ირკვევა, არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომა ყველაზე მეტჯერ გააცდინეს: დიმიტრი სამხარაძემ, რუსლან გაჯიევმა და ივლიანე წულაიამ. სამივე დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.
ამასთან, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, სხდომების გაცდენებზე შესაბამისი პასუხისმგებლობის მექანიზმები იქნა გამოყენებული, კერძოდ, პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, 43 შემთხვევაში პარლამენტის 25 დეპუტატს ხელფასის 10% დაუკავდა; კომიტეტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო კი 33 შემთხვევაში - ხელფასის 10% დაუკავდა 22 დეპუტატს.