საფრანგეთი გეგმავს ეკონომიკის აღდგენისთვის შექმნილი ევროკავშირის ფონდისადმი შეზღუდვების დაწესებას იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც არ აღიარებენ კანონის უზენაესობას. აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საკითხებში პრეს-მდივანმა კლემან ბონმა გაზეთ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
„თუ იქნება ეჭვი, რომ არ არის ქვეყანა ერთგული ევროკავშირის საბაზისო ღირებულებების, ეჭვი იქნება ამ პროექტის მიზანშეწონილობის მიმართაც. ევროპა ეს არ არის მხოლოდ ბაზარი, ეს კულტურულ-პოლიტიკური პროექტიცაა",- განაცხადა ბონმა.
ძირითად ღირებულებებს შორის მან გამოყო „დემოკრატიის საბაზისო პრინციპები, თავისუფალი მედია და თანასწორუფლებიანობა“.
პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ფინანსური სანქციები არის ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტი სამართლებრივი სახელმწიფოსთვის, არსებული ნორმების დარღვევის წინააღმდეგ.
გამოცემის ინფორმაციით, საფრანგეთის წინადადებას მხარი დაუჭირეს სკანდინავიურმა ქვეყნებმა და ნიდერლანდებმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პირველმა პირებმა 17-21 ივლისს ბრიუსელში გამართულ სამიტზე მხარი დაუჭირეს ფინალურ კომპრომისულ ვარინატს ევროკავშირის შვიდწლიანი ბიუჯეტის ფორმირებაზე, რომელიც 1, 074 ტრილიონი ევროს მოცულობისაა და ამავე დროს დაამტკიცეს ეკონომიკის აღდგენის არასაბიუჯეტო ფონდი, რომლის მოცულობაც 750 მილიარდი ევროა.