„საქართველოში ბიზნეს კლიმატი გაუმჯობესდა“- BAG

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული ბიზნეს კლიმატის ინდექსის მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტლის დასასრულს საქართველოს ბიზნეს კლიმატი უარყოფითი მოლოდინებიდან პოზიტიური მოლოდინებით შეიცვალა. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ივნისის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვისას ასოციაციის წევრებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა კვლავ უარყოფითად, თუმცა მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი პოზიტიურად შეაფასეს. შესაბამისად, პოზიტიური მოლოდინების ჩამოყალიბება ქვეყნის ბიზნეს კლიმატს აუმჯობესებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2020 წლის II კვარტალში, სექტორებს შორის ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი მხოლოდ ვაჭრობის სექტორისთვის აღმოჩნდა დადებითი. მიმდინარე მდგომარეობა უარყოფითად შეფასდა სამ სექტორში - მრეწველობაში, მომსახურებასა და მშენებლობაში.

რაც შეეხება მოლოდინებს, ბიზნეს ასოციაციის დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი მხოლოდ მშენებლობის სექტორში შეფასდა უარყოფითად. მეორე კვარტლის ბოლოს არსებული მდგომარეობით, მოლოდინი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ვაჭრობისა და მომსახურების სექტორებში. დადებითი ტრენდია მშენებლობის სექტორშიც (მიუხედავად ნეგატიური მოლოდინისა). ხოლო მრეწველობის სექტორში ამჟამად არსებული მოლოდინი ნეიტრალურია.

შეგახსსენებთ, რომ BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი, გამოითვლება ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე, ამასთან, აღწერს მიმდინარე მდგომარეობას და ბიზნესის მოლოდინებს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. BAG-ის ბიზნეს კლიმატის ინდექსის მნიშვნელობა შესაძლოა იყოს -100-სა და +100-ს შორის. +100 ნიშნავს, რომ ყველა გამოკითხული ბიზნესი მიმდინარე მდგომარეობას და მოლოდინს დადებითად აფასებს, ხოლო -100 ნიშნავს, რომ ყველა გამოკითხული ბიზნესი მიმდინარე მდგომარეობას და მოლოდინს აფასებს უარყოფითად.

ნოდარ სირბილაძე