"წელს ბათუმში დამსვენებლები არიან, თუმცა შარშანდელთან შედარებით ეს არაფერია", - მიყვება ტაქსის მძღოლი და ბულვარისკენ მიმაქროლებს. ბათუმის ქუჩები მართლაც ცარიელია, თუმცა ამას განსაკუთრებით აქაურები გრძნობენ. მათ პანდემიაზე უფრო ფინანსური კრიზისის ეშინიათ. სუვენირების მაღაზიებს შარშან ტურისტები ეხვეოდნენ, ახლა კი ცელქი ბავშვები სტუმრობენ და მხოლოდ ათვალიერებენ.
"ბევრი მაღაზია დაიხურა, რადგან ვერ მუშაობდნენ. კომუნალურ გადასახადებს ვერ ვიხდიდით, კონსულტანტს ხელფასს ვერ ვუხდიდით, ამიტომ ხარჯი ყველანაირად შევამცირეთ. რამდენიმე ფილიალი ვისაც ჰქონდა, დაკეტა და მხოლოდ ერთი დაიტოვა. იმედი მაქვს, საზღვრები რომ გაიხსნება, მუშაობა დაიწყება და იქნებ ეს ერთი მაღაზია მაინც გადავარჩინო", - მიყვება ბულვარში ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე თამარ ქადაგიძე, რომელიც სუვენირებითა და საზღვაო აქსესუარებით ვაჭრობს.
კრიზისის მიუხედავად, ბათუმის მაღაზიებსა და კაფეებში ფასები არ იცვლება: ბულვარში წყალი (500 მლ) 3 ლარი ღირს, შეზლონგის დაქირავება 3 ლარიდან იწყება, განსხვავებული ფერი 5 ლარია, ქოლგის ქირაობისას კი კიდევ 3 ლარი ემატება. შეზლონგებს შორის დისტანცია დაცული არ არის, არც დეზინფექცია უტარდება. მთელი დღე მზეზე დევს და მზე ბაქტერიებს კლავსო, თავს იმშვიდებენ გამქირავებლები. ამის მიუხედავად, მათ მაინც ითხოვენ - საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ დამსვენებელს ქვაზე წოლას შეზლონგი ურჩევნია. ზოგი თვითონ წმენდს სპირტით, ზოგი კი ცოტა ხნით ივიწყებს კორონავირუსის არსებობას. სანაპირო ზოლისგან განსხვავებით, სიმკაცრეა კაფე-ბარებსა და მაღაზიებში - თერმოსკრინინგი ტარდება და პირბადით სიარულსაც მკაცრად ამოწმებენ. აქაურები, ძირითადად, დამსვენებლებისგან იცავენ თავს - ეშინიათ, მათ არ ჩამოიტანონ ვირუსი. საღამოობით კაფე-ბარები თითქმის ცარიელია, მაგრამ რამდენიმე რესტორანი კლიენტს ვერ აუდის - თითქოს ყველა, ვინც ბათუმში ჩავიდა, იქ იყრის თავს. რამდენიმედღიანი დაკვირვების შემდეგ მივხვდი, რომ ამის მიზეზი ფასი და ხარისხია. როგორც იტალიური რესტორნის თბილისელმა მენეჯერმა მითხრა, მისაღები ფასებისა და ხარისხის გამო რესტორანში მუდმივად ჰყავთ კლიენტი, თვითონ მენეჯერი კი თბილისში უმუშევარი დარჩა და ბათუმში გადმოინაცვლა.