Reuters - ტრამპმა Microsoft-ს TikTok-თან გარიგების დასადებად 45-დღიანი ვადა მისცა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Microsoft-ს მისცა უფლება აწარმოოს მოლაპარაკება TikTok– ის შეძენასთან დაკავშირებით. ტრამპის პირობაა, რომ გარიგება 45 დღეში უნდა დასრულდეს. ამის შესახებ Reuters-ი 3 წყაროზე დაყრდნობით წერს.

TikTok– ის შეძენა, რომელსაც 100 მილიონი ამერიკელი მომხმარებელი ჰყავს, Microsoft- ს იშვიათ შესაძლებლობას მისცემს, გახდეს მთავარი კონკურენტი სოციალური მედიის გიგანტებისთვის, როგორიცაა Facebook და Snap. Microsoft ფლობს LinkedIn-ს, რომელიც არის სოციალური ქსელი საქმიანი კონტაქტების მოსაძებნად.

როგორც ცნობილია, პარასკევს ტრამპმა Microsoft-ის მიერ TikTok-ის შეძენის იდეა არ მოიწონა. თუმცა, შემდეგ აღნიშნულ საკითხზე ტრამპსა და Microsoft- ის აღმასრულებელ დირექტორს სატია ნადელას შორის დიალოგი შედგა. უკვე კვირას კორპორაციამ განაცხადა, რომ განაგრძობს TikTok– ის მფლობელ კომპანია ByteDance-სთან მოლაპარაკებებს. მეტიც, Microsoft-ი გარიგების დახურვას 15 სექტემბრამდე გეგმავს.

გამოცემის წყაროს თანახმად, ეს ვადა შეერთებულ შტატებში საგარეო ინვესტიციების კომიტეტმა (CFIUS) დააწესა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების პოტენციური რისკების შესახებ გარიგებებს სწავლობს.

გამოცემის ინფორმაციით, ByteDance- სა და Microsoft- ს შორის მოლაპარაკებებს გააკონტროლებს CFIUS, რომელსაც აქვს უფლებამოსილება დაბლოკოს ნებისმიერი შეთანხმება.