სავაჭრო პალატის ინფორმაციით, რებრენდინგის ფარგლებში შექმნილი ახალი ვებ-გვერდის მეშვეობით ბიზნესს საშუალება ეძლევა ელექტრონულ ფორმატში მიიღოს პალატის სერვისები, ასევე ინფორმაცია სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული ბიზნესის მხარდამჭერი ყველა პროგრამის შესახებ.
„პორტალის მეშვეობით მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ პალატის სერვისები და გადაიხადონ საფასური ონლაინ რეჟიმში, მათ შორის წარმოშობის სერტიფიკატი, პარტნიორის მოძიება საზღვარგარეთ და სხვა. ასევე, შექმნილია ბაზა, სადაც უკვე გაცემული სერტიფიკატების მოძიებაც იქნება შესაძლებელი.
ახალ პლატფორმას დაემატა ონლაინ გაწევრიანების ფუნქციაც. დაინტერესებულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ პალატის საწევრო პაკეტებს და გაწევრიანდნენ ონლაინ რეჟიმში.
ახალი ვებ-გვერდის მეშვეობით კერძო სექტორი მიიღებს მათ ინტერესებზე მორგებულ განახლებულ ინფორმაციას. პორტალზე უწყვეტ რეჟიმში განთავსდება ინფორმაცია დაგეგმილი ბიზნეს ფორუმების, სავაჭრო მისიების, გამოფენებისა და კონფერენციების შესახებ, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ, მეწარმეს შესაძლებლობა ექნება მართოს ინფორმაცია საკუთარი კომპანიის შესახებ, გამოიწეროს მისთვის მნიშვნელოვანი სიახლეები, გაზარდოს კომპანიის ცნობადობა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ამასთან, პორტალი მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს პალატის დაგეგმილ ბიზნეს ფორუმებსა და ორმხრივ შეხვედრებზე დარეგისტრირდნენ ონლაინ რეჟიმში.
რებრენდინგი განხორციელდა მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო პალატის აკადემიასთან საპარტნიორო პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანია სავაჭრო პალატის ინსტიტუციური გაძლიერება და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული ახალი სერვისების დანერგვა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.