„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკი ნუშის ან ზეთისხილის ბაღის გაშენებისთვის ფერმერებს ახალ აგროპროექტს სთავაზობს, რაც ძირითადი და საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნით აგროსესხის გაცემას ითვალისწინებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, შეთავაზება გულისხმობს მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას, მათ შორის „კონსულტანტის“ შრომის ანაზღაურებას. აგროსესხი 4 წლის განმავლობაში ბაღის გაშენება/მოვლისთვის საჭირო საბრუნავი სახსრების სრულად დაფინანსებასაც მოიცავს.
აგროშეთავაზების ფარგლებში სესხის მაქსიმალური ვადა 120 თვეა. აგროპროექტის უპირატესობას წარმოადგენს ბანკის ჩართულობა, რათა ფერმერმა წინასწარ მოიპოვოს კონტრაქტი ადგილობრივ და საერთაშორისო შემსყიდველებთან. მნიშვნელოვანია, რომ პროექტში ჩართვის შემთხვევაში შეთავაზებაზე ვრცელდება „დანერგე მომავალისა“ და „იაფი აგროკრედიტის“ საშეღავათო და საგრანტო პირობები.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, აგროპროექტი Bar Lev Group-თან პარტნიორობით ხორციელდება. Bar Lev Group წარმოადგენს ესპანურ სანერგე კომპანია Agromillora-სა და ბაღების მენეჯმენტის კომპანია Todoviloს, ასევე ებრაული სარწყავი სისტემების მწარმოებელ კომპანია Netafim-ს.
„საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელის, ზურაბ მასურაშვილის განცხადებით, „საქართველოს ბანკი“ აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს აგრომიმართულების მხარდაჭერას.
„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესს კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობისთვის ახალი, მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები შევთავაზოთ. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვცდილობთ წავახალისოთ აგრობიზნესები და ამ მიზნით მათ ამჯერად ნუში/ზეთისხილის ბაღის გაშენება/მოვლისთვის სპეციალურ პირობებს ვთავაზობთ. პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ის სრულად ფარავს ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის საჭირო ხარჯებს, ასევე მთლიანად აფინანსებს 4 წლის განმავლობაში ბაღის გაშენებისა და მოვლისთვის საჭირო სახსრებს “,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა.