BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების მოლოდინი დასაქმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. BAG-ის დასაქმების ბარომეტრი, რომელიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში ასოციაციის წევრების მიერ დასაქმების სავარაუდო ცვლილებას ასახავს, 2020 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევის საფუძველზე, კვლავ უარყოფითია. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი პირველ კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და -2.8[1] ქულა შეადგინა. შედარებისათვის, 2020 წლის პირველ კვარტალში დასაქმების ბარომეტრი უარყოფითი იყო და -46.7-ს შეადგენდა, როდესაც ოთხივე სექტორში[2] დასაქმებასთან მიმართებაში ნეგატიური მოლოდინი არსებობდა.
ცხრილი: დასაქმების ბარომეტრი - საბალანსო მნიშვნელობები სექტორების მიხედვით
გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არ შეცვლის დასაქმებულთა რაოდენობას. კერძოდ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების 62%, 2020 წლის მესამე კვარტალში, დაქირავებულთა რაოდენობის ცვლილებას არ გეგმავს, მაშინ როცა 21% ამ მაჩვენებლის ზრდას, ხოლო 17% მათ კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობის კლებას ვარაუდობს.
მეორე კვარტლის ბოლოს, მშენებლობის სექტორი ერთადერთია, რომელსაც დასაქმებასთან დაკავშირებით უარყოფითი მოლოდინი აქვს - გამოკითხულთა 43% დასაქმებულთა რაოდენობის კლებას მოელის. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი მაინც გაუმჯობესებულია წინა კვარტალთან შედარებით, როცა გამოკითხულთა 80% ვარაუდობდა დასაქმებულთა რაოდენობის კლებას. სექტორში არსებული ნეგატიური განწყობა კორონა ვირუსის გავრცელების ფონზე შექმნილი ეკონომიკური სირთულეებით აიხსნება. ხოლო სექტორში არსებული მოლოდინის პოზიტიური ტრენდი, სავარაუდოდ, ეკონომიკის ეტაპობრივი გამოცოცხლების და სახელმწიფოს მიერ დაყებული ხელშეწყობის პროგრამის შედეგია.
BAG დასაქმების ბარომეტრი ეფუძნება BAG–ის წევრების გამოკითხვას. კომპანიები დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ მომდევნო სამი თვის გეგმებს აღწერენ როგორც „მზარდს“, „სტაბილურს“ ან „კლებადს“. სექტორების მიხედვით დასაქმებასთან დაკავშირებული გეგმების რიცხვითი შეფასება გამოითვლება „მზარდისა“ და „კლებადის“ პასუხების პროცენტული მნიშვნელობების სხვაობით, ხოლო საბოლოო BAG დასაქმების ბარომეტრი არის სექტორების საბალანსო მნიშვნელობების შეწონილი საშუალო.
დასაქმების ბარომეტრი BAG ინდექსის შემადგენელი ნაწილია. აღნიშნული ინდექსის წარმოება საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ 2019 წელს დაიწყო. BAG ინდექსი მოიცავს BAG-ის წევრი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას ბიზნეს კლიმატის, დასაქმების ბარომეტრისა და ინვესტიციების შესახებ. BAG ინდექსი ყოველკვარტალურად ქვეყნდება და იგი საზოგადოებას აცნობს დროის კონკრეტულ მომენტში ბიზნესწრეებში არსებულ განწყობასა და ბიზნესის მოლოდინს.
კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.