სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი, შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ შრომის ინსპექციამ ის სასტუმროები და რესტორნები დააჯარიმა, რომლებზეც ლიცენზია თავადვე ჰქონდა გაცემული.
როგორც მან აღნიშნა, 31 რესტორანი და 3 სასტუმროა დაჯარიმებული და ვალით გახსნილი ობიექტების 10 000 ლარით დაჯარიმების გამო ბევრმა ბიზნესმენმა, ვინც ობიექტის გახსნას ფიქრობდა, გადაწყვიტა, „აღარ გარისკოს“.
„უმრავლესობა გაკოტრებულია, რამდენიმე ბიზნესმენმა გადაწყვიტა, ვალი აიღოს და გახსნას ობიექტები. ამისთვის წინასწარ ლიცენზიის მიღების ყველა პროცედურა გაიარეს. ამის შემდეგ, ორ კვირაში ამ ხალხს ისევ მიადგნენ და თავისივე შემოწმებული ობიექტები დააჯარიმეს. ესაა უბრალოდ ბიზნესის დაშინება. ბევრმა ადამიანმა, ვინც ვალის აღებას და ბიზნესის ამუშავებას ფიქრობდა, გადაწყვიტა, რომ აღარ გარისკოს“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.
მისივე განცხადებით, პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო ტურიზმის ინდუსტრიაში 280 000-მდე ადამიანი უმუშევარი დარჩა.
რაც შეეხება საზღვაო კურორტებს, ალავერდაშვილის განცხადებით, 1996-1997 წლების პერიოდში დაბრუნდა საზღვაო კურორტები და სულ რამდენიმე მცირე სასტუმრო მუშაობს.
ამასთან, როგორც შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, ტურიზმის ინდუსტრია საბანკო სესხების გადავადებას 1 წლით ითხოვს.
„რეალურად ყველა ბიზნესს სესხი აქვს. თუ ბანკებმა 1 წლით, 2021 წლის ივლისამდე არ გადაავადეს სესხები, ძალიან რთული იქნება გადახდა. მოლაპარაკება მიმდინარეობს. როგორც დავთვალეთ, იურიდიული პირების სესხები ტურიზმის ინდუსტრიაში 3 მილიარდი ლარია, ხოლო ფიზიკური პირების 1.5 მილიარდ ლარამდე. ამ სესხების პროცენტის გადახდის ერთი წლით გადავადებას 140 მილიონი დოლარი სჭირდება“,- აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.