ღვინის ტურიზმის მიმართულებით აჭარაში ტრენინგები დაიწყო

რესტორნებისა და ღვინის ბარების თანამშრომლებისთვის ღვინის ტურიზმის შესახებ ტრენინგი დაიწყო. ღვინისა და კერძის შეხამების ძირითადი ასპექტები, ინგრედიენტები და მათი ზეგავლენა კერძებზე, ქვევრის ღვინო და კერძის შეხამება, ღვინის გემოს მთავარი ელემენტები - იმ ძირითადი თემების ჩამონათვალია, რომლის შესახებაც თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი ბათუმში მიმდინარეობს. ტრენინგს სომელიე მაგდა სურგულაძე უძღვება, რომელიც მონაწილეებს პრაქტიკული ტრენინგისას რამდენიმე სტილის ღვინისა და კონკრეტული პროდუქტების ერთმანეთთან შეხამების სავარჯიშოებს გააკეთებინებს. ტრენინგს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებითა და USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ღვინის კლუბი ანხორციელებს.

ამავე პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს ტრენინგები აჭარაში მოქმედ გიდებსა და ღვინის მარნების წარმომადგენლებსაც ჩაუტარდათ. ღვინის ტურიზმის თემაზე თეორიულ-პრაქტიკული სწავლება მათ კახეთში გაიარეს.