სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემოწმებული 150-მდე სავაჭრო ობიექტიდან, 40-ში ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოვლინდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ინსპექტირების ჯგუფები სავაჭრო ობიექტებში ფრინველის ხორცისა და კვერცხის შენახვისა და რეალიზაციის პირობებს ამოწმებენ.
„ინსპექტირება ტარდება როგორც ქსელურ მარკეტებში, ასევე უბნის მაღაზიებში. დღეისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოწმებულია 150-მდე ობიექტი, რომელთაგანაც 40-ში იმპორტირებული ფრინველის ხორცის შეფუთვის გარეშე განთავსების - ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. ბიზნესოპერატორების მიმართ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამავდროულად, სააგენტოს წარმომადგენლებმა სარეალიზაციო ქსელიდან აიღეს ფრინველის ხორცის ნიმუშები, რომელსაც ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდება. სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სახელმწიფო კონტროლს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები და, შესაბამისად, მომხმარებლის ინტერესები და ჯანმრთელობა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.