ოქროს ფასმა ახალი რეკორდი დაამყარა - რა ღირს ძვირფასი ლითონი მსოფლიო ბაზარზე

4 აგვისტოს ოქროს ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და უნციაზე 2000,25 დოლარი შეადგინა. ნიუ-იორკის Comex-ის საფონდო ბირჟაზე აღნიშნული ფასი დაფიქსირდა თბილისის დროით საღამოს საათებში, მანამდე კი ის 1970 დოლარის ფარგლებში ივაჭრებოდა.

პირველად 2000-დოლარიან ნიშნულს უნცია ოქროზე ფასმა 2020 წლის 31 ივლისს გადააჭარბა, მაშინ ფასმა 2005,4 დოლარი შეადგინა და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ინფორმაცია მეორე კვარტალში აშშ-ს მშპ-ს 32,9%-იანი კლების შესახებ, რომელიც ასევე რეკორდული ვარდნა იყო ქვეყნის ისტორიაში.

როგორც „მსოფლიოს ოქროს საბჭო“ (World Gold Council, WGC) აცხადებს, ოქროს ფასზე და მასზე მოთხოვნაზე გავლენას მხოლოდ ინვესტორები ახდენენ და არა იუველირები ან ცენტრალური ბანკები. ინვესტორები ოქროს ყიდულობენ იმის იმედად, რომ ოქროზე ფასი კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, რაც ამერიკის ცენტრალური ბანკი 1 ტრილიონი დოლარის ჩადებას დაიწყებს ეკონომიკის მხარდაჭერისთვის.

კოკა კვირკველია