ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საბერძნეთის მიმართულებით რეგულარული ფრენების განახლების შესახებ დადასტურება არ ყოფილა, თუმცა მისი თქმით, საქართველოს მხრიდან კეთილი ნება არსებობს, რომ ბერძნულ კომპანიებთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გარკვეული რაოდენობის ფრენებზე შეთანხმდნენ. ასე გამოეხმაურა მინისტრი საბერძნეთის ელჩის, დიმიტრიოს კარაბალისის განცხადებას, რომლის თქმითაც, ერთი თვის წინ კომუნიკაციისას მან მიიღო პირობა და გარანტიები, რომ ივლისში საბერძნეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნებოდა, ვისთვისაც თბილისი საზღვარს უპირობოდ გახსნიდა, თუმცა მოგვიანებით სიის მიღმა დარჩნენ.
„რეისების დადასტურება ხდება ერთადერთ უწყებაში, ეს არის სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტი, რომელიც შედის ჩვენი სამინისტროს სისტემაში. შესაბამისად, დადასტურება რომ ყოფილიყო, იქნებოდა ამ უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი და ჩვენ მსგავსი დადასტურება არ გაგვიცია, თუმცა, რა თქმა უნდა, დიალოგი მუდმივად მიმდინარეობს არამარტო „ეგეოსის ავიახაზებთან“, არამედ სხვა ავიაკომპანიებთან, რომელიც ადრე თუ გვიან ურთიერთშეთანხმებით სრულდება, როგორც იყო „ეარბალტიკის“, „ეარფრანსისა“ და „ლუფთანზას“ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, დადასტურება, რა თქმა უნდა, არ ყოფილა, მაგრამ კეთილი ნება ჩვენი მხრიდან, რომ შევთანხმდეთ გარკვეული რაოდენობის ფრენებზე გარკვეული პერიოდში, ეს შეიძლება არ იყოს აგვისტო და იყოს სექტემბერი, ამაზე ვმუშაობთ, ეს პროცესი მიმდინარეობს, აქედან გამომდინარე, გაუმართლებელია მსგავსი სახის ბრალდებები, მით უფრო, დიპლომატისგან. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ყველა ქვეყანა, მათი დიპლომატიური კორპუსი ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი ქვეყნის ავიაკომპანიების ინტერესები, მაგრამ აქ არის ის შემთხვევა, როდესაც ბიზნესინტერესი უნდა იყოს დაბალანსებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ეპიდემიოლოგიურ ინტერესებთან. აქედან გამომდინარე, ვიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას,“- განაცხადა ნათია თურნავამ.
ამასთანავე, ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, დღეს საქართველოს ფრენები გაცილებით მეტი მიმართულებით აქვს, თუმცა რეგულარული ფრენები, რომელთაც უკვე დადგენილი განრიგი აქვთ, მხოლოდ 5 ქვეყანასთან სრულდება. ნათია თურნავას თქმით, ქვეყნების ჩამონათვალი არის მუდმივი გადახედვის საგანი.
„ჩვენ დღეს ფრენები გვაქვს გაცილებით მეტი მიმართულებით, უბრალოდ ზოგან გვაქვს რეგულარული და ზოგიერთი მიმართულებით გვაქვს, ასევე, საკმაოდ რეგულარული ჩარტერები. „აირზენა“ დაფრინავს ვენისა და ამსტერდამის მიმართულებით, პერიოდულად სრულდება რეისები უკრაინის მიმართულებით, სხვა ქვეყნების მიმართულებით, უბრალოდ, რაც შეეხება რეგულარულ ფრენებს, რაც ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი გრაფიკით არის, რომელშიც ჩვენ კორექტირება არ შეგვაქვს, ეს არის მართლაც იმ 5 მიმართულებით, რაც დღეს არის. მაგრამ ეს პროცესი გრძელდება, თვითონ ევროკავშირიც აგრძელებს ამ პროცესს, სია არის მუდმივად გადახედვის საგანი,“- განაცხადა ნათია თურანავამ.