ივლისში „თიბისი ბანკმა“ იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში 26.9 მლნ ლარის მოცულობის სესხი გასცა.
„ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც მთავრობამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, სამშენებლო სექტორის დახმარების მიზნით წარადგინა.
როგორც „თიბისი ბანკში“ აცხადებენ, ივლისში პროგრამის ფარგლებში 283 იპოთეკური სესხი გაიცა, რაც ამ პერიოდში ბანკის მიერ გაცემული იპოთეკური სესხების 27%-ია.
„თიბისი ბანკში“ სუბსიდირების პროგრამის შემდეგ წინა თვეებთან შედარებით იპოთეკურ სესხებზე მოთხოვა მნიშვნელოვნად გაიზარდა, შეიძლება ითქვას, რომ პროგრამა კარგად მიმდინარეობს.
რაც შეეხება მონაცემებს, ივლისის თვეში სუბსიდირების პროგრამის ქვეშ 26.9 მლნ ლარის მოცულობის 283 ცალი სესხი გაიცა“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკში“.
სააგენტო აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას სხვა ბანკებისგანაც ელოდება.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უძრავი ქონების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარია, 28 მაისს წარადგინა. შესაბამისი დადგენილება კი მთავრობამ 25 ივნისს მიიღო.
პროგრამის ფარგლებში სუბსიდირება იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს ეხება და სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში გრძელდება. ამასთან, სუბსიდირება გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობის იპოთეკურ სესხებზე და მხოლოდ მათ შეეხებათ, ვინც სესხს 2020 წლის 1-ელი ივნისიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე აიღებს.