რა ქონებას ფლობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალდანიშნული სახელმწიფო მინისტრი

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი წარადგინა. როგორც გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე თეა ახვლედიანი დაინიშნა, რომელიც აქამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე თეა ახვლედიანი ესტონეთში საქართველოს ელჩი იყო.

2020 წლის 30 იანვარს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, თეა ახვლედიანი ფლობს თბილისში 70,74 კვ/მ ფართის ბინას, რომელიც 2016 წელს 40 000 დოლარად შეიძინა. სხვა უძრავ-მოძრავი ქონება ახვლედიანის სახელზე არ ფიქსირდება.

დეკლარაციის შევსების მომენტში, თეა ახვლედიანს საბანკო ანგარიშებზე ჰქონდა - 2 177,52 დოლარი, 2 009,59 ლარი, 7,13 ევრო და ასევე 413,67 დოლარი.

ამავე დეკლარაციის მიხედვით, თეა ახვლედიანმა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით ესტონეთში ელჩად მუშაობის დროს ხელფასის სახით 24 525 ევრო აიღო, 4 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობისას კი 32 264,29 ლარი.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ შარშან თეა ახვლედიანმა მოგზაურობისას 4 500 დოლარი დახარჯა.