ნათია თურნავას განცხადებით, „ფრონტერას“ ყოფილ თანამშრომლებზე ერთჯერადი 1200 - ლარიანი დახმარება გაიცემა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ფრონტერას“ ყოფილ თანამშრომლებზე ერთჯერადი, 1200 - ლარიანი დახმარება გასცეს.

ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა „ფრონტერასთან" პოზიტიურ კომუნიკაციაშია და „ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლების მიმართ სახელფასო დავალიანების დაფარვისკენ მოუწოდებს.

„ახლა „ფრონტერასთან“ საკმაოდ პოზიტიურ და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ და შესახვედრად ვემზადებით გარკვეული ტექნიკური საკითხების გასავლელად.

ამავდროულად დიდ პრობლემად რჩება „ფრონტერას" 84 ყოფილი თანამშრომელი, რომელიც კომპანიამ გასული წლის დეკემბერში გაათავისუფლა და მათ მიმართ დაახლოებით 17 თვის სახელფასო დავალიანება ერიცხება. ეს ადამიანები მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთჯერადი დახმარების სახით, დახმარება გაეწიოს 1200 ლარის ოდენობით თითოეულ ადამიანს. ამასთან, „ფრონტერას“ მოვუწოდებთ, რომ დღესდღეობით, როდესაც შემაფერხებელი გარემოება აღარ არსებობს, რომ ვალდებულებები შეასრულოს, მოველით, რომ ამ სახელფასო დავალიანებას დაფარავენ“, - აღნიშნა თურნავამ.

შეგახსენებთ, 23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% „ფრონტერამ“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.