თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცზე ორიენტირებული ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, მორიგი პროექტი წარადგინა.
თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს.
მისივე თქმით, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები დამატებით სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდიას” მიიღებენ.
„განათლება თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებისა და ტრანსფორმაციის პროცესის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ჩვენ გვჯერა, რომ განათლებული და მაღალი კვალიფიკაციის სამხედრო ნიშნავს კიდევ უფრო ძლიერ და თანამედროვე თავდაცვის ძალებს, რაც ავტომატურად ნიშნავს კიდევ უფრო ძლიერ სახელმწიფოს.
დღეს ჩვენი სამინისტროსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ნაყოფიერად იმუშავეს ჩვენ შორის თანამშრომლობის მექანიზმის შემუშავებაში, რაც ინდივიდუალურად გაფორმებულ მემორანდუმებში აისახება. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს. ჩვენ ერთად უნდა დავაფასოთ ჩვენი სამხედროები და ვიზრუნოთ მათ ოჯახებზე, რადგან ისინი, ვინც თავიანთი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს და უსაფრთხოებას და ზრუნავენ ქვეყნის მომავალზე, ჩვენი ვალია, რომ ვიზრუნოთ ანალოგიურად მათი შვილების მომავალზე”,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამხედროებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია.
„ჩვენი ქვეყნის განვითარების, მოქალაქეთა უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, სამხედრო ძალებს საკვანძო მნიშვნელობა აქვს. ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო დგას, გულისხმობს მრავალმხრივ განვითარებულ, თანამედროვე ცოდნაზე დაფუძნებულ ჯარს, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სამხედრო საქმეში მომზადებასთან ერთად გამოირჩევიან მაღალი სამოქალაქო შეგნებით, ღრმად აცნობიერებენ სახელმწიფოსა და მსოფლიოს მშვიდობიანი განვითარების ამოცანებს. ამავე დროს, ეს გულისხმობს სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისადმი სახელმწიფოს თანადგომას. საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, შეიარაღებული ძალების როლისა და მნიშვნელობის შესახებ.
მივესალმებით თავდაცვის მინისტრის ინიციატივას, რომელიც ჯარისკაცზე ორიენტირებულ ახალ სოციალურ პოლიტიკას დაუდებს სათავეს”,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.