მოახდენს თუ არა ინფლაციაზე გავლენას 410-მილიონიანი სოციალური დახმარების პროგრამა - სებ-ის პასუხი

„სახელმწიფო ხარჯები ინფლაციაზე გავლენას ვერ მოახდენს“,- განაცხადა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა. საქმე ეხება ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ახალ სოციალურ პაკეტს, რომლის ჯამური მოცულობა 410 მილიონ ლარს შეადგენს.

„ფისკალური სტიმული საკმაოდ მნიშვნელოვანია. ჩვენც ვიცით, რომ ბიუჯეტი არის დაგეგმილი 8.5%-ზე, რაც 4 მილიარდზე მეტია. ეროვნული ბანკის გადმოსახედიდან, ეს ხარჯები გათვალისწინებულია პროგნოზში და შესაბამისად, ეს არ არის ახალი ინფორმაცია. უნდა აღვნიშნო, რომ ბიუჯეტის დეფიციტი ძირითადად საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციიდან მიღებული შემოსავლებით შეივსება, ეს შემოსავლები არის უცხოურ ვალუტაში, რაც საშუალებას გვაძლევს უცხოური ვალუტა მივმართოთ ადგილობრივ ბაზარზე და ფისკალური სტიმულის შესაძლო უარყოფითი ეფექტი გავანეიტრალოთ.

შესაბამისად, ჩვენ არ მოველით, რომ ფისკალური ხარჯები მოახდენს ჩვენს ინფლაციაზე ზეგავლენას“, - აღნიშნა არჩილ მესტვირიშვილმა

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებული ახალი სოციალური დახმარების პროგრამების ბიუჯეტი 410 მილიონი ლარია. მისივე თქმით, კომუნალური დახმარების ნაწილში გამოყოფილია დაახლოებით 200 მილიონი ლარი, ხოლო 18 წლამდე ბავშვების დახმარების ნაწილში - დაახლოებით 170 მილიონი ლარი.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე