ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამაზე განაცხადების მიღება დასრულდა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, უპრეცედენტო აქტივობა დაფიქსირდა, საერთო ჯამში განაცხადი 322-მა აპლიკანტმა შეიტანა.
განაცხადები შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: ელექტრონული კომერცია, ინფორმაციული ტექნოლოგიები/უსაფრთხოება, მოგზაურობა/სასტუმროები, კადრების მართვა/განათლება, სამომხმარებლო სერვისები, IT Tools, კვება, პროფესიული სერვისები, ხელოვნური ინტელექტი და სხვა.
„განაცხადების შეფასებასა და შერჩევაში მონაწილეობას ამერიკული აქსელერატორი სილიკონ ველიდან USMAC მიიღებს. სექტემბერში კი კომპეტენტური ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ, გამარჯვებულ სტარტაპებს დაასახელებს.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო თანადაფინანსების გრანტების პროგრამას უკვე მეხუთედ ახორციელებს. პროექტის ოთხი რაუნდის ფარგლებში ჯამურად დაფინანსდა 78 სტარტაპი, თითოეულმა მათგანმა 100 ათას ლარამდე ოდენობის გრანტი მიიღო.
ინოვაციების სააგენტო თანადაფინანსების გრანტების პროგრამას მსოფლიო ბანკის პროექტის "ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის" (GENIE) ფარგლებში ახორციელებს, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს”,- აღნიშნულია ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.