შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის (F4) გზის მშენებლობის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.
„შორაპანი-არგვეთის მონაკვეთი იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძე საავტომობილო გზის 185 კმ-ზე და სრულდება იმავე საავტომობილო გზის 200 კმ-ზე, არგვეთაში. აღნიშნული მონაკვეთი პირდაპირ უერთდება არგვეთას კვანძს, რომელიც წარმოადგენს ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო გზის გაგრძელებას და ნაწილობრივ გადაფარავს E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის კორიდორს,“- ვკითხულობთ ბრძანებაში.
პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით, მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. თუმცა, დეპარტამენტის მიერ რამდენიმე მოქალაქესთან შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.
კერძოდ, საუბარია, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ილემში, კუკური თაბაგარის, ჯონი თაბაგარის და თეა წიქარიშვილის თანასაკუთრებაში არსებულ 2 849კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობაზე ნარგავებზე; სოფელ ძირულაში, კუკური თაბაგარის საკუთრებაში არსებულ 377კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობასა და 4 623კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ ნარგავებზე; სოფელ ილემში, კუკური თაბაგარის საკუთრებაში არსებულ 30 001კვ.მ მიწის ნაკვეთიდან - 4929 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.