გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 31 ივლისის მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 16,000-ზე მეტი პოლისი.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ.
"7 აგვისტოს მონაცემებით: სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 132,000-ზე მეტ ფერმერს უკვე დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 24 მლნ ლარს აჭარბებს. აგროქულების დარიცხვა გრძელდება.
აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით, 112,000-მდე ბენეფიციარმა 29,000 ტონაზე მეტი მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღო. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები, ჯამურად, 3,600,000 ლარამდე დაზოგეს.
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2020 წლის 31 ივლისის მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 16,000-ზე მეტი პოლისი. დაზღვეულია 17,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34 %-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 150 მლნ ლარს აღემატება.
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონიდან შემოსულია 1000-ზე მეტი განაცხადი.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. გაცემულია 1707 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 31 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 2,5 მლნ ლარს აჭარბებს.
აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულია 387 ბენეფიციარი, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 50-% დაუფინანსდა 252 ბენეფიციარს, ხოლო სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის და მოდერნიზებისთვის შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების, ასევე, ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვასა და მონტაჟისათვის 135 ბენეფიციარის განაცხადი დაკმაყოფილდა“, -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.