„მეწარმეები, რომლებიც ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად ამზადებენ პროდუქციას, იცავენ ცხიმიანობის სტანდარტებს, ამასთან, არ იყენებენ ფხვნილს და მცენარეულ დანამატს და წერენ ეტიკეტზე ყველაფერს, ხშირ შემთხვევაში იჩაგრებიან მათთან შედარებით, ვინც კანონში არსებული ხარვეზების გამო ხელს ითბობს“ - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარე. რუსუდან გიგაშვილი ამბობს, რომ რეგლამენტში ჩანაწერი კარგია, მაგრამ საჭიროა კონტროლიც.
ცნობისათვის, რძის ნაწარმის მწარმოებლებისთვის ახალი მოთხოვნა შემუშავდა. კერძოდ, როგორც მთავრობის 30 ივლისის დადგენილებაშია აღნიშნული, ნედლი რძისგან დამზადებულ რძის ნაწარმზე, რომელიც სარეალიზაციოდ ბაზარზე განთავსდება, აუცილებელი იქნება, მკვეთრი მინიშნება, რომ პროდუქტი - ნედლი რძისაგან არის დამზადებული.
„ბაზარზე განთავსებული რძის ნაწარმის ეტიკეტზე, რომელიც წარმოებულია ნედლი რძის გამოყენებით, ხედვის ძირითად არეალში, სურსათის დასახელებასთან ერთად, უნდა იყოს მკვეთრი მინიშნება და მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს – „დამზადებულია ნედლი რძისაგან“,“-ვკითხულობთ დადგენილებაში. აღნიშნული წესი 2020 წლის პირველი ნოემბრიდან უნდა ამოქმედდეს.
რუსუდან გიგაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული წესის აღსრულება აქამდე უნდა მომხდარიყო.
„ამ წესის აღსრულება აქამდე უნდა დაწყებულიყო, რადგან ბაზარი მოუწესრიგებელია. არაკეთილსიდისიერი მეწარმეები კი ამას სათავისოდ ძალიან კარგად იყენებენ. ასეთი საწარმოები კი ბევრია საქართველოში. მაგალითად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არის სოფლები, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობს იატაკვეშა სამუშაოები. მიმდინარეობს ე.წ. რძის გადამუშავება, ყველის დამზადება და ა.შ. მათი გაკონტროლება ვერ ხდება, ასევე ვერ ხდება კონტროლი, თუ ბაზარზე სად „გაიწოვება“ მათი პროდუქტი. ამიტომ ეს ხალხი მისახედია, რათა კიდევ უფრო არ დაიჩაგრონ კეთილსინდისიერი მეწარმეები. ამიტომ, ვამბობ, რომ რეგლამენტში ჩანაწერი კარგია, მაგრამ საჭიროა კონტროლიც და არაკეთილსინდისიერი მეწარმეების გამოვლენა“, - განაცხადა გიგაშვილმა.