„დღეს რომ ფერმერი ვიყო, მერძეული მიმართულებით, ალბათ, თავს დავანებებდი“ – რა პრობლემები აქვთ ფერმერებს

შემოდგომაზე რძე და ხორცი შესაძლოა, გაძვირდეს. ამის მიზეზი ის გამოწვევები და პრობლემებია, რომელიც ფერმერებს დღეს აქვთ. როგორც „მომავლის ფერმერი“ რუსუდან გიგაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, „დარგი დღეს ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, მეტიც, დღეს რომ ფერმერი ვიყო, მერძეული მიმართულებით, ალბათ, თავს დავანებებდი“.

„საერთოდ, ფერმერული მეურნეობები დღეს ცუდ მდგომარეობაში არიან. მსხვილფეხა საქონლის საკვების ფასმა მომატება უკვე დაიწყო და ზამთრისთვის, შემოდგომის ბოლოს ალბათ, მთლიანად ზრდა 30% იქნება. შესაბამისად, ეს გამოიწვევს როგორც რძის გაძვირებას, ასევე ხორცის. რძის თვითღირებულების ზრდის გამო, ფერმერები საბოლოო ჯამში, აბსოლუტურად არაკონკურენტუნარიან გარემოში აღმოჩნდებიან იმპორტირებულ ნედლეულთან და საერთოდ, ფერმების გაჩერება მოუწევთ“, - განაცხადა გიგაშვილმა.

მისივე თქმით, პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელია, რომ ის აუთვისებელი მიწები, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაშია, ფერმერებს გრძელვადიანი სარგებლობისთვის იჯარით გადაეცეთ, რათა ცხოველებისთვის საკვები ბაზა შექმნან.

„ახლა საკვებათ მწვანე მასის გამოყენება შესაძლებელია. შემოდგომის ბოლოს, ზამთარში კი საკვები გაძვირდება, საუბარია, დაახლოებით 30%-იან მატებაზე. ეს ავტომატურად გააძვირებს რძეს და ხორცს. ამის დასაკომპენსირებლად ან უნდა გავზარდოთ მეცხოველეობაში სულადობის რაოდენობა, რათა ნედლი რძე არ გაგვიჩედეს, ან შევეგუოთ იმას, რომ ძალიან დიდი რაოდენობით გვექნება ფხვნილისგან მიღებული რძე. ფხვნილისგან დამზადებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი კი მაქსიმალურად უნდა „ავკიდოთ“ სახელმწიფოს, რადგან ხშირად არის, რომ ფხვნილიც უხარისხო შემოდის საქართველოში.

ჩვენ გვჭირდება, რომ გვქონდეს ქვეყანაში ნედლი რძე, მინიმუმ იმისათვის, რომ საბავშვო ხაზი ვაწარმოოთ. მაგრამ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე რამდენად მოხდება ეს, არ ვიცი. ამიტომ, აუცილებელია, რომ დარგის გადარჩენისთვის სახელმწიფომ მის საკუთრებაში არსებული მიწები გრძელვადიან სარგებლობაში, იჯარით გადასცეს ფერმერებს, რათა ცხოველებისთვის საკვები ბაზა შექმნან. ეს უნდა გაკეთდეს სწრაფად, სხვა შემთხვევაში სულ ასეთ წრეზე ვიტრიალებთ და დარგის საშველი არ იქნება“, - დასძინა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გიგაშვილმა.