„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.

„თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია გავხსენით. ამ დროისთვის „ბეკოს“ საქართველოს მასშტაბით 66 სავაჭრო წერტილი აქვს“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ მეჰმედ მელექმა.

მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში გაიზარდა მოთხოვნა მაცივრებზე, გაზქურებსა და სარეცხი მანქანებზე.

„თუმცა თუ ადრე მაღალფასიან ტექნიკას ყიდულობდა ხალხი, ახლა შედარებით ბიუჯეტურს ყიდულობენ. მაგალითად, სარეცხი მანქანის შემთხვევაში ახლა უფრო 5-6- კილოგრამის ტევადობის იყიდება, ადრე 9-კილოგრამიანზე იყო მოთხოვნა. ასეა სხვა პროდუქტებზეც, საერთო ჯამში, ხალხის მსყიდველუნარიანობა შემცირდა, რაც პანდემიის პირობებში გასაკვირი ნამდვილად არ არის“, - განაცხადა მელექმა.

რაც შეეხება პროგნოზს, ბიზნესმენი ამბობს, რომ „15 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე უნდა დავაკვირდეთ როგორი მუშაობა იქნება, პროგნოზის გასაკეთებლად ეს პერიოდი მნიშვნელოვანია“.