რაჭაში, ყველა იმ სოფელთან, რომელიც გარესამყაროს იყო მოწყვეტილი, მაღალი გამავლობის მანქანებისთვის, დროებით მოწყობილი მისასვლელებით, საავტომობილო მოძრაობა აღდგა. აღნიშნულ ინფორმაციას ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე შესაძლებელია სოფელ ჟამიერეთთან, ასევე, სოფლების - გომი-ჯინჭვისისა და მაჟიეთი-ხიდეშლების მისასვლელ გზებზე.
„მაღალი გამავლობის ავტომანქანებისა და სპეციალური ტექნიკისათვის საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელია სოფლების - ჭიორასა და ღების მისასვლელ გზაზე. ასევე, დროებითი მისასვლელები მოწყობილია ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 127-ე, 128-ე, 129-ე, 131-ე კმ-ზე, შოვთან დამაკავშირებელ საგლოლოს ხიდსა და შოვი-გლოლას მიმართულებით ჩამოშლილ გზებზე.
სარმის ხიდის მონტაჟის სამუშაო დასრულდა სოფელ მაჟიეთთან, ხოლო სოფელ ლაგვანთასთან მისასვლელ გზაზე მოეწყო ახალი ხიდი. დროებით მოწყობილ გადასასვლელ გზებსა და ხიდებზე გადაადგილება ნებისმიერი სახის ავტოტრანსპორტისთვის რამდენიმე დღეში იქნება შესაძლებელი.
პარალელურად, სტიქიის ზონაში გრძელდება მდინარე რიონის კალაპოტის ფორმირების სამუშაო, დაზიანებული საავტომობილო გზის მონაკვეთების აღსადგენად კი ინტენსიურად მუშაობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2 საპროექტო ჯგუფი. საპროექტო სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება საგზაო ინფრასტრუქტურის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები.
მეგზევეებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ლოკაციაზე აგრძელებენ მუშაობას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „ენერგო პრო ჯორჯიას", საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზარალებული ადგილობრივი მცხოვრებლების დატბორილი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების წმენდა. მოსახლეობის დასახმარებლად მუშაობენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და „წითელი ჯვრის“ მოხალისეთა ჯგუფები.
უკვე დასრულდა სტიქიის შედეგად დაზიანებული ონის წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია, უახლოეს პერიოდში კი სრულად აღდგება ჟიჟორეთის სათავე ნაგებობა. მიუხედავად არსებული დაზიანებებისა, ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას წყალი, ალტერნატიული ქსელის საშუალებით, მეორე დღიდანვე სტაბილურად მიეწოდებოდა.
სტიქიის შედეგად დაზარალებულ ყველა სოფელს მეოთხე დღეა ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენებმა, 29 ივლისიდან დღემდე, გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლებიდან 660 ადამიანი და აქედან 170 ბავშვი გადმოიყვანეს. ასევე, საჭიროების მიხედვით, უზრუნველყვეს მოსახლეობის სურსათით, მედიკამენტებითა და აუცილებელი ნივთებით მომარაგება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობით, ადგილზე მუშაობას აგრძელებს ზარალის დამდგენი კომისიაც, რომელმაც ფაქტობრივად დაასრულა ყველა სოფელში დაზიანებული ინფრასტრუქტურის, სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების აღწერა-შეფასების პროცესი და ამ ეტაპზე მზადდება საბოლოო ანგარიში.
მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის პირველადი შესწავლის შედეგად, გამოიკვეთა, რომ სამ სოფელში ათზე მეტი ოჯახი ექვემდებარება გამოსახლებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.