ახალი ელექტრომობილის Cadillac Lyriq-ის ფოტოები პირველად გავრცელდა. General Motors-ის ინფორმაციით, ავტომობილის წარმოება 2022 წელს დაიწყება და მისი ფასი 75 ათასი დოლარი იქნება.
ქროსოვერი Ultium-ის ელემენტებით აღიჭურვება, რომელიც მას საშუალებას მისცემს, 480 კმ მანძილი დაფაროს ერთჯერადი დამუხტვით. მთელი ინფორმაცია მისი მაღალი გარჩევადობის ეკრანზე აისახება. აქედან ინფორმაციის ნაწილი შესაძლოა, გამოისახოს საქარე მინაზეც. რაც შეეხება აუდიო სისტემას, მას 19 დინამიკი ექნება. ავტომობილს ექნება ავტომატური პარკირების სისტემა, რომელიც იმუშავებს იმ დროსაც, როცა მძღოლი საჭესთან იქნება და მის გარეშეც.
„ეს ავტომობილი სრულიად სახეცვლილი წარმოდგენაა ჩვეულებრივისგან და ის აღჭურვილია მთელი რიგი მოწინავე ტექნოლოგიებით“ - განაცხადა Cadillac-ის ხელმძღვანელმა სტივ კარლაილმა.
მისივე თქმით, ავტომობილი მაღალკონკურენტუნარიანი იქნება ბაზარზე მისი ეფექტური ელემენტებისა და დატენვის გაუმჯობესებული ტექნოლოგიის გამო. ამ დროისთვის პრემიუმ კლასის ელექტროქროსოვერების ბაზარი არც ისე დიდია, აქ ისეთი მოდელებია, როგორებიცაა: Tesla Model X, Jaguar I-Pace და Audi e-tron.
გაზეთ Detroit Free Press-ის ინფორმაციით, უკვე 2023 წლისთვის კომპანიას 20 ელექტრომობილი ეყოლება სამოდელო ხაზში.