სახელმწიფო მოქალაქეს უძრავ ქონებას იძულების წესით ჩამოართმევს

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის (F4) გზის მშენებლობის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.

„შორაპანი-არგვეთის მონაკვეთი იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძე საავტომობილო გზის 185 კმ-ზე და სრულდება იმავე საავტომობილო გზის 200 კმ-ზე, არგვეთაში. აღნიშნული მონაკვეთი პირდაპირ უერთდება არგვეთას კვანძს, რომელიც წარმოადგენს ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო გზის გაგრძელებას და ნაწილობრივ გადაფარავს E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის კორიდორს,“- ვკითხულობთ ბრძანებაში.

პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით, მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. თუმცა, დეპარტამენტის მიერ გარკვეულ უძრავ ქონებაზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.

კერძოდ, საუბარია, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვედა საქარაში მდებარე 1100 კვ.მ ფართის სასოფლო სამეურნეო-დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ ერთწლიან ნარგავებზე, ასევე 1480 კვ.მ ფართის სასოფლო სამეურნეო-დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 501 კვ.მ-სა და მასზე განთავსებულ ერთწლიან ნარგავებზე. აღნიშნული უძრავი ქონება ზურაბ ნებიერიძის საკუთრებაშია.

თაია არდოტელი