„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, მთავრობამ უსაფრთხო ქვეყნებიდან 16 ტურისტული ჩარტერული ავიარეისი დაბლოკა.
როგორც კანდელაკი აღნიშნავს, უსაფრთხო ქვეყნებიდან ტურისტული ჩარტერების დაბლოკვა მავნებლური გადაწყვეტილებაა, რომელიც „შემოსავლის თეორიული შანსის გარეშე ტოვებს ტურიზმზე დამოკიდებულ ათიათასობით ადამიანს“.
„გვსურს საზოგადოების, განსაკუთრებით კი ჩვენი იმ თანამოქალაქეების, რომელთა შემოსავალი დამოკიდებულია ტურიზმზე, ყურადღება გავამახვილოთ კონკრეტულ და ამავე დროს დაუჯერებელ ინფორმაციაზე: ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ დაბლოკა ტურისტებით სავსე 16 ჩარტერული რეისი ლიეტუვიდან და ესტონეთიდან. ლიეტუვიდან რეისები უნდა განეხორციელებინა ჩარტერულ აივაკომპანია Get Jet-ს. შეგახსენებთ, რომ ლიეტუვაც და ესტონეთიც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა უსაფრთხო ქვეყნებად”,- განაცხადა კანდელაკმა.
მისი შეფასებით, არამიზნობრივი ხარჯი და ფულის ფლანგვაა უსაფრთხო ქვეყნებში ჩარტერების დანიშვნა ბიუჯეტის ხარჯზე.
„მიეცათ საშუალება „ვიზეარისა“ და „რაინეარისთვის“, ეფრინათ უსაფრთხო ქვეყნებში - რომელთა რიცხვში ცხადია უნდა შევიდეს პოლონეთი, საბერძნეთი და ავსტრია - გააუქმეთ დისკრიმინაციული კარანტინი და არანაირ ჩარტერებში ფულის ყრა არ გახდებოდა საჭირო. სტუდენტებიც და ემიგრანტებიც თავისუფლად და იაფად შეძლებდნენ მგზავრობას“,- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.