გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 213 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი, 77 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა. იმერეთში დაფიქსირდა 49 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში - 26, აჭარაში - 15, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 14, შიდა ქართლში -11, ქვემო ქართლში - 9, მცხეთა-მთიანეთში - 8, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 3, გურიაში კი, 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
„ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1 000 მ3-ზე მეტი ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 28 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 10 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.