გერმანია კორონავირუსთან დაკავშირებულ ახალ შეზღუდვებს აწესებს

გერმანია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალ შეზღუდვებს აწესებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

შეზღუდვების თანახმად, დღეიდან ბულგარეთისა და რუმინეთის რამდენიმე რეგიონისა და ავსტრალიის ვიქტორიას შტატიდან გერმანიაში ჩასულმა მოქალაქეებმა სავალდებულო 2-კვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ, ან კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ.

აღსანიშნავია, რომ 31 ივლისიდან გერმანიამ სავალდებულო კარანტინი ესპანეთის სამი რეგიონიდან ჩასულ მოქალაქეებს, 5 აგვისტოდან კი - ბელგიის ქალაქ ანტვერპენიდან ჩასულ მგზავრებს დაუწესა.

გერმანია შეზღუდვებს იმ ქვეყნების ან ტერიტორიებისთვის აწესებს, რომლებიც, ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრის - რობერტ კოხის ინსტიტუტის შეფასებით, მაღალი რისკის ქვეყნებად ითვლებიან, ანუ ბოლო 7 დღის განმავლობაში ყოველ 100 000 მოსახლეზე ინფიცირების 50-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.