11 პროექტი, რომელთა არასათანადოდ შესრულების გამოც, მერიამ კომპანიათა „შავ სიაში“ რეგისტრაცია მოითხოვა

თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა.

მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ჯამში 11 პროექტთან დაკავშირებით მიმართა. მათი უმეტესობა გამწვანებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერებს ეხება, თუმცა, ჩამონათვალში რამდენიმე მსხვილი პროექტიც არის. კერძოდ, ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნა გადაგზავნილია შემდეგ პროექტებზე გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით:

  • თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი ხე-მცენარეებისა და დეკორატიული მცენარეების სახელმწიფო შესყიდვა;
  • სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი კრაზანას (Hypericum calycinum) და სუროს (Hedera helix 'hibernica') დეკორატიული ბუჩქების სახელმწიფო შესყიდვა;
  • რკალისებრი სახელურით საპარკე სკამების სახელმწიფო შესყიდვა;
  • სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი აღმოსავლური ჭადრის ნერგების და ნერგების დარგვისთვის საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა;
  • სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი ჰიმალაის კედარის ნერგების და ნერგების დასარგავად საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა;
  • სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი ევროპული მუხის ნერგების და ნერგების დარგვისთვის საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა;
  • სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი იაპონური სოფორას ნერგების და ნერგების დარგვისთვის საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა;
  • რკალისებრი სახელურით საპარკე სკამების სახელმწიფო შესყიდვა;
  • უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდური გადასასვლელის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა;
  • აკაკი წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა;
  • ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

აღნიშნული პროექტებიდან, შედარებით მსხვილი არის ბოლო ტენდერი, რომელთა შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაც, შესაბამისად, 34 968 999, 8 483 999 და 4 670 999 ლარი იყო. ასევე საკმაოდ მოცულობითი იყო 1-ლი ტენდერიც, რომლის შესყიდვის ღირებულებაც 3 347 068 ლარი იყო.

თაია არდოტელი