"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კახელი გლეხის შრომა იყოს დაფასებული"

დიდი პატივია დღეს ვიყო აქ, ამ გალავანში და მქონდეს შესაძლებლობა, ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის და კახეთის მომავალზე. დიდი პატივია დღეს და წელს განსაკუთრებით, როდესაც პატარა კახის დაბადების დღიდან 300 წელი გადის, უდიდესი ქართველის, უდიდესი მებრძოლის და ამ კუთხის უდიდესი შვილის. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კახეთი კიდევ უფრო განვითარდეს. 2012 წლის შემდეგ ბევრი რამ გაკეთდა ამ კუთხისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კახეთში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ თუ 2012 წელს კახეთში მოიკრიფა დაახლოებით 52 000 ტონა ყურძენი, 2019 წელს ეს ციფრი იყო - 278 000 ტონა, დაახლოებით 5 - ჯერ მეტი, რაც, მისივე თქმით, ერთობლივი შრომის შედეგია.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს ყველა ის პროექტი და პროგრამა, რომელიც კახეთის განვითარებისთვის ხორციელდება და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად. პრემიერის თქმით, ირაკლი ქადაგიშვილმა ზედმიწევნით იცის რეგიონის ყველა პრობლემა და ის ამ კუთხის ღირსეული შვილია.

„ყველას კარგად გვახსოვს რამხელა კონცენტრირებული ყურადღება იყო მიმართული კახეთისკენ. მარტივი მაგალითს მოგიყვანთ - 2012 წელს კახეთში მოიკრიფა დაახლოებით 52 000 ტონა ყურძენი, 2019 წელს კი 278 000 ტონა ყურძენი, 5 - ჯერ მეტი, ეს არის ჩვენი, ყველას ერთობლივი შრომის შედეგი და, რა თქმა უნდა, ეს უნდა გავაგრძელოთ, რა თქმა უნდა სახელმწიფომ უნდა იზრუნოს თავის ფერმერზე, გვერდში უნდა დაუდგეს თითოეულ მშრომელ ადამიანს, რომელსაც მოჰყავს ყურძენი, რომელიც აკეთებს მსოფლიოში საუკეთესო ღვინოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კახელი გლეხის შრომა იყოს დაფასებული. ის აღმშენებლობა, რომელიც დღეს კახეთში მიმდინარეობს, თუნდაც ეს ციხე, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ეს ისტორიული მუზეუმი, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ გაკეთდა, ყველა ის პროექტი, რომელიც უნდა გაგრძელდეს, თელავის რეაბილიტაცია, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს თელავის წყალმომარაგების საკითხი, მოგეხსენებათ, კურდღელაურში შენდება საბავშვო ბაღი, უნდა გაგრძელდეს, ასეთი საბავშვო ბაღები ყველა სოფელში უნდა იყოს. უნდა მივაქციოთ ყურადღება თელავის, როგორც საგანმანათლებლო ცენტრის განვითარებას. აგერ დასრულდება წელს მშვენიერი პროფესიული სასწავლებელი „პრესტიჟი“ და ასევე თელავის უნივერსიტეტში შეიქმნება ჩვენს გერმანელ კოლეგებთან ერთად განსაკუთრებული სპეციალიზაცია, ასევე პროფესიული, რომელიც პირდაპირ მიეხმარება ჩვენს ფერმერებსა და გლეხებს უფრო მეტი ცოდნა და კომპეტენცია შემოიტანონ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად. რა თქმა უნდა, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, ადამიანთან, რომელიც ამ კუთხის ღირსეული შვილია, რომელიც იქნება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც დარწმუნებულები ვართ, რომ გაიმარჯვებს. ეს ის ადამიანია, რომელმაც ზედმიწევნით იცის დღეს რეგიონის ყველა პრობლემა, კახეთის და თელავის. ეს ის ადამიანია, რომელსაც არ დასჭირდება ბევრი მომზადება და შესწავლა ამ პრობლემებისა, ეს ის ადამიანია, რომელიც არჩევნებიდან მეორე დღეს დაჯდება და დაიწყებს შრომას ამ კუთხის კიდევ უფრო განვითარებისთვის. ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თელავის კეთილდღეობისთვის და, საბოლოო ჯამში, ერთად საქართველოს კეთილდღეობისთვის, გილოცავთ!“,- განაცხადა გიორგი გახარიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას.