პარიზის ნაწილში ხალხმრავალ ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

კორონავირუსთან დაკავშირებით პარიზში ახალი შეზღუდვები წესდება, რომლის თანახმადაც დედაქალაქის ნაწილში ხალხმრავალ ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალი შეზღუდვები დედაქალაქის 100 ქუჩაზე ვრცელდება და 11 წლის ასაკის ზემოთ პირებს ხალხმრავალ ადგილებში, მათ შორის ბანკებში, ღია ტიპის ბაზრობებსა და მდინარე სენას სანაპიროზე, პირბადის გამოყენებას ავალდებულებს.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ პოპულარულ ტურისტულ ადგილზე, მათ შორის ეიფელის კოშკში, ტრიუმფალური თაღსა და ელისეს მინდვრებზე აღნიშნული შეზღუდვა არ მოქმედებს.

ცნობისათვის, პირბადის ტარება დახურულ სივრცეში საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზეა სავალდებულო და მათ, ვინც აღნიშნულ წესს დაარღვევს, 135 ევროთი დაჯარიმება ემუქრება.

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 197 921 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 30 324 დაღუპულია.