ბიზნესმენები ძმები ჩოჩელები პოლიტიკაში მიდიან. კერძოდ, ცეზარ და ლაშა ჩოჩელებმა მოქმედ მაჟორიტარ დეპუტატთან კახა ოქრიაშვილთან ერთად პარტია შექმნეს. პარტიის სახელია - „პროგრესი და თავისუფლება“. პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე დარეგისტრირდა საარჩევნო სუბიექტად.
ჩოჩელების სახელთან საქართველოში რამდენიმე ბიზნესი ასოცირდება. მათ შორის ერთ-ერთი პირველი არის „ქართული ლუდის კომპანია“ (ზედაზენი), რომლის დამფუძნებლებიც არიან ჩოჩელები. ამასთან, რეესტრის მონაცემებით, ცეზარ ჩოჩელი არის სამშენებლო პროდუქციის მწარმოებელი შპს „მიქსორის“ 42.12%-იანი და ქართული წყლის კომპანიის 45%-იანი წილის მფლობელი. რაც შეეხება მის ძმას ლაშა ჩოჩელს, ის არის შპს რითეილ ჯგუფის და შპს ლარმაქსი დირექტორი, ასევე 16.6%-იან წილს ფლობს შპს რითეილ ინვესთმენთსა და 80%-იან წილს შპს მერკური 2019-ში.
ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის ისტორიისა და მის მიერ ბიზნესსა და პოლიტიკაში გავლილი გზის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსი“ მის მიერ რამდენიმე წლის წინ კერძოდ, 2015 წელს „პალიტრა TV-ს“ გადაცემაში ბიზნეს PRESS-ი მიცემული ინტერვიუდან გთავაზობთ ამონარიდს:
შეგახსენებთ, რომ 2012-2013 წლებში ცეზარ ჩოჩელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმე იყო აღძრული, ქონება კი დაყადაღებული. მას ბრალს სდებდნენ თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში. თუმცა, როგორც თავად აცხადებდა, ორი წლის შემდეგ ეს ბრალდებები მოიხსნა, თაღლითობაც და ფულის გათეთრებაც.
-თქვენი ბიზნესის დიდი ნაწილი თქვენი გუბერნატორობის პერიოდში შეიქმნა. შესაძლოა, სწორედ ეს იყო იმის ერთ-ერთი საბაბი, თუ რატომ დაინტერესდა მოქმედი ხელისუფლება თქვენი ბიზნესით. ხომ არ ნანობთ ამ გადასახედიდან იმ ნაბიჯს, რომელმაც გუბერნატორობამდე მიგიყვანათ?
-დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენი ბიზნესის ყველაზე დიდი ნაწილი 90-იან წლებში შეიქმნა. რაც შეეხება გუბერნატორობას, გუბერნატორი 2008 წლის თებერვალში გავხდი. ამ პერიოდამდე ჩვენ უკვე გვქონდა რამდენიმე წარმოება, "ნატახტარი", რომელიც ზუსტად 2008 წელს გასხვისდა "ანადოლუ ჯგუფზე", და საკმაოდ სოლიდურ თანხად, ამავე პერიოდში უკვე შექმნილი იყო თაბაშირ-მუყაოს მწარმოებელი კომპანია, რომელიც შემდგომში "კნაუფზე" გასხვისდა, მანამდე ასევე შექმნილი იყო სხვა რამდენიმე კომპანიაც. ეს იყო უბრალოდ ილუზია, თითქოს ბიზნესი ჩემი გუბერნატორობის პერიოდში შევქმენით.
-როდის შექმენით ბიზნესი?
-ბიზნესი 1991 წელს დავიწყეთ, 2002 წლის ბოლოს - 2003 წლის დასაწყისში უკვე გვქონდა შექმნილი"ნატახტარი". დაწყებული გვქონდა მშენებლობა. 2004 წელს, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, გაჩერებული იყო მშენებლობის პროცესი, იმიტომ რომ მაშინაც ანალოგიური პროცესები წავიდა ჩვენს წინააღმდეგ. თითქოს ეს შექმნილი გვქონდა წინა ხელისუფლების პერიოდში და სასათბურე პირობებში ვიყავით. არადა, ყველაფერი პირიქით იყო. 1999 წელს დაგვიხურეს წარმოება და სანამ ბოლომდე არ გაგვაკოტრეს, მანამ არ გაგვანებეს თავი. ჩემი გუბერნატორად მოსვლის პერიოდში გვქონდა საკმაოდ სოლიდური თანხა, რომელიც შემდგომში უკვე ჩემმა ძმებმა სხვადასხვა მიმართულებით წარმოების შესაქმნელად დახარჯეს.
ხშირად ვსვამ კითხვას, ალბათ უკეთესი იქნებოდა, ზოგიერთივით შეგვექმნა უძრავი ქონება, სადაც არ გამოჩნდებოდა არც გვარი, არც სახელი, შეგვექმნა სავაჭრო ობიექტები, ბაზრობები და ალბათ მაშინ ვიქნებოდით უფრო დაფასებული და მისაღები.
-რთულია, თქვენი ბიოგრაფიის ადამიანთან აცდე პოლიტიკურ თემას, თუმცა დღეს ბიზნესზე სასაუბროდ უფრო მოვედი, ვიდრე პოლიტიკაზე. არყის ქვაბებში მოხარშული ლუდი, გულწრფელად მითხარით, მთიული კაცი ხართ და ლომისის მადლს როცა იფიცებით, არასდროს ტყუით ხოლმე. ეს არის უბრალოდ ლამაზი ისტორია, ბიზნესის სტარტაპის შესაფუთად თუ რეალობაა?
-არა, ეს რეალობაა და შეგიძლიათ ახალგორელების უმრავლესობას ჰკითხოთ. თავიდან, როცა კომპანია დავაფუძნეთ, შვიდი-რვა მეგობარი ვიყავით და ყველაფერი ჩვენს კისერზე გადადიოდა. ეს იყო ფიზიკური შრომა დაწყებული სამშენებლო საქმიანობიდან, დამთავრებული ლუდის ხარშვით, ბოთლის რეცხვით. ჩვენ არ გვქონდა მაშინ ავტომატიზირებული სისტემები და ბოთლის რეცხვა ხშირ შემთხვევაში, ხელით გვიხდებოდა და იყო შემთხვევები, ძალიან ხშირად, როცა თვითონ ვრეცხავდით ბოთლსაც კი. ვხარშავდით, ვაფასოებდით, ჩვენ თვითონ ვუკეთებდით რეალიზაციას. ეს არ არის შეფუთული ისტორია, ეს არის ის ისტორია და ის გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ.
-რას ვერ გპატიობთ მოქმედი ხელისუფლება?
- მარტო მოქმედ ხელისუფლებაზე არ არის. ვერ მპატიობენ, რომ წარმოების განვითარების თვალსაზრისით, ვართ ყველაზე მაგრები. ამას სრული პასუხისმგებლობითა და გულწრფელად გეუბნებით. ვერ ვიტყვი და არც იქნება სწორი, რომ ვთქვა, ჩემი პრობლემები დღეს დაიწყო. ჩემი პრობლემები დაიწყო მაშინ, როცა გავაკეთე პირველი წარმოება. პირველი წარმოება ასე ვთქვათ, სადღაც სათავსოში გავაკეთე იმ დროს, როცა უნიკალური ქარხნები იშლებოდა. ჩემი ნატვრა იყო, ოდესმე მაშინდელი, კომუნისტური საშუალო დონის ქარხანის დონის ქარხანა შემექმნა. ჩვენ ვაშენებდით, წვრილმანებს ვყიდულობდით და ამ დროს უნიკალური ქარხნები იშლებოდა. გადიოდა დრო, არსებული ქონება ნადგურდებოდა და ჩვენ ამ ფონზე ვზრდიდით წარმოებებს. ვერავის ვერ წარმოედგინა, ვერც 90-იან წლებში, ვენც წინა ხელისუფლების პერიოდში, ვერც დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, რომ შეიძლება ადამიანმა დამოუკიდებლად განავითაროს, შექმნას წარმოება. მე უბრალოდ, ბოლო მაგალითებს მოგიყვანთ: 2012 წლის არჩევნების შემდეგ, 2013 წლის დასაწყისში, უკვე დაყადაღებული მქონდა მთელი ქონება, მასიური შეტევა იყო ჩვენს ჯგუფთან დაკავშირებით და ეს ყველას გახსოვთ. მიუხედავად ამ მდგომარეობისა, 2013 წელს "ზედაზენს" ჰქონდა 50%-იანი ზრდა, 2014 წელს ანალოგიური პროცესები გრძელდებოდა, გვქონდა 30%-იანი ზრდა. ვფიქრობ, რომ ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რასაც ვსაქმიანობთ. წარმოების გარდა, ჩვენს ჯგუფს არაფერი გაუკეთებია.
-რა გინდოდათ მაშინ იმ ხელისუფლებაში?
-ალბათ ყველას აქვს თავისი ჯვარი სატარებელი. მე 3-4 თვით უნდა ვყოფილიყავი გუბერნატორად, მოხდა ისე, რომ ეს პროცესი გაგრძელდა, შემდეგ იყო უკვე აგვისტოს ომი, მარტო ჩემი რაიონიდან 8 ათასი ადამიანი ლტოლვილი დარჩა და დღესაც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არა ჩემი უშუალო ჩარევა, იმ მოსახლეობას, რომელიც ჩვენს რეგიონში განთავსდა, ისე ვერავინ მიხედავდა, როგორც მაშინ ჩვენ მივხედეთ.
-გუბერნატორობას არ გპატიობენ...
-ვფიქრობ, რომ ეს გუბერნატორობასთან ყველაზე ნაკლებად არის დაკავშირებული.
-რასთან არის დაკავშირებული? მე მახსოვს, თქვენ მიგვანიშნებდით, რომ ბიზნესის წართმევა უნდოდათ გარკვეულ ჯგუფებს, რომლებიც იყვნენ მოქმედ ხელისუფლებასთან დაახლოებული.
-ეს მუდმივად ასე იყო, დაწყებული 1991 წლიდან.
-თუმცა დღემდე გაქვთ თქვენი ბიზნესი, არავის წაურთმევია.
-იმიტომ, რომ ზოგი ახერხებს დათმობას, ზოგი არ თმობს.
-რის ფასად?
-ყველაფრის ფასად. ხშირ შემთხვევაში, ყველაფრის ფასი ჯდებოდა. გარდა იმისა, რომ სიცოცხლეს ინარჩუნებდი. თორემ გავიარეთ ის დროც, როცა ქუჩიდან დაწყებული, სახელმწიფოს მაღალჩინოსნებით დამთავრებული, ყველა ერთ აზრზე იყო.
-როგორ მოდიოდნენ და გეუბნებოდნენ - ცეზარ, უნდა ჩაგვსვა წილში. იყო ასეთი შემთხვევა? ან უნდა დათმო შენი ბიზნესი...
-ეს იყო 90-იანი წლების ბოლოს, ერთხელ, ეს იყო 1999 წელი.
-თქვენ თქვით, რომ ბიზნეს პარტნიორების ერთგული რჩებით ბოლომდე. ალბათ მეგობრობაშიც ასეთი ხართ - ბოლომდე ერთგული. ვანო მერაბიშვილის მეგობარი დღესაც ხართ?
- რა თქმა უნდა.
-უგზავნით ხოლმე მას, მაგალითად, ამანათს ციხეში?
-აქ ისეთი არაფერი მაქვს, რასაც აქედან გავუგზავნი და იქ შეიტანენ.
-გაქვთ ახლა მასთან რამე სახის ურთიერთობა?
- ადამიანი არ უნდა ფასდებოდეს თავისი მდგომარეობის მიხედვით, თანამდებობის მიხედვით, ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით, ის მეგობარი ვინც გყავდა, უნდა გყავდეს. მე და ვანოს გვქონდა პიროვნული ურთიერთობა და ესეც ძირითადად, მომდინარეობდა ახალგორის რაიონთან დაკავშირებული საკითხების გამო. რადგან ახლა დაჭერილია, დავდგე და როგორც ზოგიერთი იქცევა, ვიღაცა ვიღაცას აგინებს, ეს არ მიმაჩნია სწორად. ადამიანმა საკუთარი თავის გადარჩენის გამო სხვაზე არ უნდა გადაიარო. მე არც დღეს მრცხვენია და არც ხვალ შემრცხვება, იყო და არის მეგობარი.
-ამ გადასახედიდან, როგორ ფიქრობთ, სად დაუშვით ყველაზე დიდი შეცდომა?
-უშეცდომო არავინ არის. შესაბამისად, ჩვენც დაშვებული გვაქვს ბევრი შეცდომა. ხშირად უთქვამთ ჩემთვის, რომ ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, როდესაც ყველაზე დიდი ფული გვქონდა და არ დავაბანდეთ სხვა ბიზნესში ან საერთოდ არ წავედით საქართველოდან.
-როდის გქონდათ ყველაზე დიდი ფული და რამდენი?
-2008 წლის თებერვალში, დაახლოებით 65 მილიონი გვქონდა, მე და ჩემს ძმას და ერთ მეგობარს.
-ეს იყო თავისუფალი კაპიტალი?
-აბსოლუტურად თავისუფალი კაპიტალი, რომელიც მთლიანად, ქვეყანაში წარმოების განვითარებაში ჩაიდო. არც ერთი თეთრი სხვაგან არ წასულა.
-თქვენ ამბობდით, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებთ და არაფრით არ დათმობთ თქვენს ქონებას. თუმცა, არის ბიზნესში ასეთი გამონათქვამი, რაც არ იყიდება, იყიდება ძალიან დიდ ფულზე. რა ღირს თქვენი ბიზნესი?
- როდესაც ვთქვი, რომ არ დავთმობდი, მაშინ საუბარი იყო წართმევაზე, წილების დათმობაზე და ასე შემდეგ. მაშინაც ვთქვი და დღესაც ვიმეორებ, არცერთ ეტაპზე არ დამითმია და არც დღეს დავთმობდი. რაც შეეხება გაყიდვებს, გეთანხმებით, ყველაფერი იყიდება. და დღესაც თუ დადგება აუცილებლობა, ახალ პროექტს ვერ დავიწყებთ ისე, თუ რაღაცა არ გავასხვისეთ, დადგება საკითხი: რომელი.