„ქართული ოცნების“ ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ადვოკატის ტარიელ მურმანიშვილის განცხადებით, მკოიანს აშანტაჟებენ, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და მის მიმართ ფულის - 5 მილიონი დოლარის გამოძალვის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ადვოკატის განმარტებით, ენზელ მკოიანი შეშინებულია და ის ამერიკის ელჩთან შეხვედრას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, ენზელ მკოიანი ერთ-ერთი მდუმარე დუპტატია და იმ 21 პარლამენტის წევრს შორის მოხდა, რომელთაც 2019 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია.
ამავე ორგანიზაციის ცნობით, ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის შვილების, ძმისა და ბიძის სამ კომპანიასთან ჯავახეთში საწვავის შესყიდვაზე 674 სახელმწიფო შესყიდვა გაფორმდა, მათ შორის 665 პირდაპირი წესით. კომპანიებმა ბიუჯეტიდან 2010-2019 წლებში 2 312 278 ლარი მიიღეს.
მათივე ცნობით, თავად ენზელ მკოიანიც მაჟორიტარული ბიუროსთვის საწვავს მხოლოდ ოჯახის კომპანიიდან ყიდულობს - ოთხ წელში გაფორმებული 34 პირდაპირი შესყიდვით, ბიურომ შპს-ს 78 339 ლარი გადაურიცხა. აქედან 49 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები დეპუტატმა კომპანიის დირექტორთან, საკუთარ ბიძასთან პირადად გააფორმა.
მკოიანი 20 წელია საქართველოს პარლამენტის წევრია. იგი ოთხჯერ ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, ბოლოს, მეხუთედ კი ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარულ ოლქში აირჩიეს „ქართული ოცნებიდან“.
რაც შეეხება მის ქონებასა და ფინანსურ მდგომარეობას, 2020 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, პარლამენტის წევრის შემოსავალმა გასულ წელს 45 720 ლარი შეადგინა. რაც შეეხება უძრავ-მოძრავ ქონებას, ის ფლობს 200 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლს ახალქალაქში; იმავე მისამართზე მდებარე 44 კვ. მეტრისა და 610 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს. ასევე მის საკუთრებაშია - მსუბუქი ავტომობილი MERCEDES BENZ G.
დეკლარაციის შევსების მომენტში მასვე საბანკო ანგარიშებზე 1 199 ლარი და 668 ევროს საკრედიტო ჰქონდა. მანვე გასულ წელს დახმარების სახით შვილისგან - 60 132 ლარი მიიღო.
მისი მეუღლე ფლობს 38,3 კვ. მეტრი ფართობის ბინას ახალქალაქში, მასვე საბანკო ანგარიშზე 393 ლარი და 3 783 ლარის საკრედიტო ჰქონდა. მისმა შემოსავალმა ახალქალაქის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორის პოზიციაზე - 12 119 შეადგინა, ხოლო შვილისგან დახმარების სახით 21 978 ლარი მიიღო.