ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს შეეძლებათ, ადგილზე არსებულ „ცხელების ცენტრს“ მიმართონ

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს შეეძლებათ, რომ ადგილზე არსებულ „ცხელების ცენტრს“ მიმართონ. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ხელისუფლება ცდილობს, ძალიან ოპერატიულად ჩაერთოს ყველა საჭირო უწყება იმისთვის, რომ კორონავირუსის სიმპტომური და არასიმპტიმური შესაძლო შემთხვევა გამოვლენილი იყოს.

„არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, საბჭომ იმსჯელა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეულწილად გამკაცრდეს ღონისძიებები მესტიის მუნიციპალიტეტში.

დღეს უკვე 5 აქტიური ჯგუფი მუშაობს იმისთვის, რომ ყველა საეჭვო შემთხვევა გამოვლინდეს. ასევე, ადგილზე ხდება საავადმყოფოს მობილიზება იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს შეეძლოთ, მიმართონ იქ არსებულ „ცხელების ცენტრს“.

რა თქმა უნდა, ვეცდებით, რომ ძალიან ოპერატიულად ჩაერთოს ყველა საჭირო უწყება იმისთვის, რომ სიმპტომური და არასიმპტიმური შესაძლო შემთხვევა გამოვლენილი იყოს“,-განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, დაუდგენელი პირველწყარო ამ ეტაპზე არ არსებობს.

„დაუდგენელი პირველწყარო ამ ეტაპზე არ არსებობს. უბრალოდ, ჩვენ ვეძებთ იმ ინფიცირებული პაციენტების სავარაუდო კონტაქტებს, რომლებიც შესაძლოა, ვირუსის სავარაუდო გადამტანები იყვნენ“, - განაცხადა ტიკარაძემ.