მესტიის მუნიციპალიტეტში მოძრაობა შეიზღუდა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში მოძრაობა უკვე შეზღუდულია. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა.

„ამ მომენტისთვის ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი უწყება და მოძრაობა უკვე შეზღუდულია. რაც შეეხება საკარანტონო პერიოდს, ისევე როგორც ყველა სხვა მუნიციპალიტეტში, სადაც მსგავსი აფეთქება მოხდა, მნიშვნელოვანია, რომ გავლილი იყოს ორი საკარანტინე პერიოდი, რაც ნიშნავს 28 დღეს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება გადაადგილების შეზღუდვა.

„ამ ეტაპისთვის ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ის, რაც მოწოდებულია მსოფლიო გაიდლაიენებით, 28 დღის ვალდებულება არის, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რა დასკვნებს გააკეთებენ ეპიდემიოლოგები, დამატებით იქნება გადაწყვეტილება მიღებული, შემცირდება ეს პერიოდი, თუ დარჩება 28 საკარანტინო დღედ“,-განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა წესდება.