„კავკასუს ონლაინს“ სურს გამოეხმაუროს TV იმედის მიერ მომზადებულ გადაცემა „იმედის კვირაში“ 2020 წლის 2 აგვისტოს გასულ სიუჟეტს სათაურით „რატომ გადადგა ქვეყნისთვის სარისკო ნაბიჯი „კავკასუს ონლაინმა“.
„კავკასუს ონლაინი“ განცხადებას ავრცელებს:
„ვფიქრობთ, სიუჟეტი ცალსახად ეწინააღმდეგება და უხეშად არღვევს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს. სიუჟეტი მომზადებულია მხოლოდ ცალმხრივ, გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით. არცერთი ის კითხვა, რომელიც სიუჟეტში რიტორიკულად კავკასუს ონლაინის მისამართითაა დასმული, ტელეკომპანიის ჟურნალისტებს, სიუჟეტის მომზადებისას, უშუალოდ კომპანიისთვის არ დაუსვამთ. არსებითად მცდარი ინფორმაციის გავრცელება აზარალებს როგორც საზოგადოების ინტერესებს იყოს ინფორმირებული - მიიღოს ზუსტი, გადამოწმებული ინფორმაცია, ასევე, ზიანს აყენებს კომპანიის საქმიან რეპუტაციას.
სწორედ საზოგადოების ინფორმირებულობის და კომპანიის რეპუტაციის დაცვის უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარე გვსურს პასუხები გავცეთ იმ კითხვებს, რომელიც კომპანიის მისამართით დაისვა და რომელზე პასუხის შესაძლებლობაც TV იმედის ეთერში არ მოგვეცა. ასევე, გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია ობიექტური შეფასებების და დასკვნების გასაკეთებლად.
რატომ დააყენა ტვ იმედმა კითხვის ნიშნის ქვეშ რეგიონში ჩვენი ქვეყნის ინფორმაციულ ჰაბად ტრანსფორმაციის პროცესი?
„კავკასუს ონლაინი“ საკუთარი ინფრასტრუქტურით, შავი ზღვის ოპტიკურ- ბოჭკოვანი კაბელით დამოუკიდებლად არის დაკავშირებული ევროპაში მდებარე ინტერნეტის გაცვლის წერტილებთან (IXP). შავი ზღვის კაბელის გამტარუნარიანობის სიმძლავრის მოცულობა და კაბელით დაკავშირებული გეოგრაფიული წერტილები ცალსახად მიუთითებს, რომ კაბელის გამოყენების პერსპექტივას ფართო მასშტაბები და პოტენციალი აქვს.
თუმცა მნიშვნელოვანია, რომ წყალქვეშა კაბელის ექსპლუატაციაში შესვლიდან დღემდე კაბელის არსებული რესურსის დაახლოებით 15% არის ათვისებული. კაბელი ძირითადად ადგილობრივი და კავკასიის რეგიონის, შუა აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის ტრანზიტორული ინტერნეტ მომსახურების მისაწოდებლად გამოიყენება. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის პოტენციალის ნებისმიერ მიმართულებით განვითარება, იქნება ეს ინტერნეტ გაცვლის წერტილის მოწყობა, თუ სატრანზიტო მასშტაბების და არეალების გაზრდა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობაზე და კომპანიის სურვილზე არაა დამოკიდებული. ნებისმიერი მასშტაბის პროექტს შესაბამისი ინვესტიცია და ინფრასტრუქტურის განვითარება სჭირდება.
როდესაც საქართველოს ინფორმაციულ ჰაბად ტრანსფორმაციის პროცესზე, საქართველოს, როგორც ციფრული ჰაბის სტატუსის „ეჭვქვეშ დაყენებაზე“, და რაც მთავარია, ციფრული ჰაბის სადმე, რომელიმე ქვეყანაში გადატანაზეა საუბარი, ვფიქრობთ, აუცილებელია, განმარტებები რას ნიშნავს „ტრანსფორმაციის პროცესი“, „ციფრული ჰაბის სტატუსი“.
სიუჟეტიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ კომპანია ქვეყანაში უკვე არსებული ციფრული ჰაბის გადატანას გეგმავს სხვა ქვეყანაში. საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში, აუცილებელია აღინიშნოს, რომ საქართველოს ციფრულ ჰაბად ტრანსფორმაცია ჯერ-ჯერობით მხოლოდ სურვილია, რომელიც სახელმწიფომ საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნულ სტრატეგიაში („სტრატეგიის დოკუმენტი“) გამოხატა და რომელსაც თავად სახელმწიფოც „ამბიციურ გეგმად“ აფასებს (საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის N60 განკარგულება).
კავკასუს ონლაინი სრულად იზიარებს სახელმწიფოს სტრატეგიულ ხედვას, რომ ქვეყანამ უნდა გამოიყენოს სტრატეგიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე არსებული შესაძლებლობები, მოიპოვოს უპირატესობა საერთაშორისო ინტერნეტ ბაზარზე, გაზარდოს კონკურენტულობა გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში. მიგვაჩნია, რომ კომპანიის სამომავლო გეგმები თანხვედრაშია სახელმწიფოს სტრატეგიულ ხედვასთან: სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება, საქართველოს გავლით ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო ჰაბის ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო მონაცემთა მიმოცვლის ზრდას ქვეყანაში და ადგილობრივი მონაცემთა გაცვლის წერტილების ჩამოყალიბებას.
იმპლემენტაციის კუთხით სახელმწიფოს ხედვა შემდეგია: სტრატეგიის დოკუმენტი კონკრეტულ გეგმას მხოლოდ ადგილობრივი ქსელის განვითარების ნაწილში ითვალისწინებს, რაც, მათ შორის, სახელმწიფო სუბსიდირებასაც მოიცავს. სახელმწიფოს რაიმე კონკრეტული გეგმა არ აქვს საერთაშორისო მაგისტრალური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით და ფაქტობრივად კერძო ინვესტიციებზეა დამოკიდებული. სახელმწიფო, როგორც სტრატეგიის განმსაზღვრელი, მიიჩნევს რომ ქვეყნის მიერ 2020-2025 წლებისთვის დასახული ამბიციური გეგმების მიღწევისთვის აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვა, ამიტომ სტრატეგიის დოკუმენტშიც საქართველოს მთავრობა პირდაპირ მიუთითებს, რომ სახელმწიფომ კერძო ინვესტიციების გაძლიერებას უნდა შეუწყოს ხელი.
შესაბამისად, ინვესტიციების განხორციელების გარეშე რომ ამბიციური და პერსპექტიული განვითარების გეგმა მხოლო გეგმად დარჩება, ეს ცალსახაა. ამასთანავე, ისიც ცალსახაა, რომ ერთადერთი რისი გაკეთებაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ უახლოეს მომავალში მართლაც შეძლოს ინფორმაციულ ჰაბად ტრანსფორმაცია, არის სახელმწიფოს მხრიდან კერძო ინვესტიციების ხელშეწყობა და მხარდაჭერა.
კავკასუს ონლაინის დამფუძნებელ კომპანიაში წილის გასხვისება ნიშნავს ახალ ბენეფიციარ მესაკუთრეს კომპანიისთვის და ახალ ინვესტორს როგორც კომპანიისთვის, ასევე ქვეყნისთვის. კომუნიკაციების კომისია, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად უნდა მოქმედებდეს და, მათ შორის, იმ მთავარ პრინციპს ითვალისწინებდეს, რაც არის ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვის ხელშეწყობა, დღეს ითხოვს განხორციელებული და სამომავლოდ განსახორციელებელი ინვესტიციის გაუქმებას და ინვესტორის მიერ შეძენილი წილების დაბრუნებას საწყის მდგომარეობაში. სანამ ამ მოთხოვნას კომისია კომპანიას წაუყენებდა, სიუჟეტის ავტორის მსგავსად არც კომისია დაინტერესებულა და შეუსწავლია რა გეგმები აქვს ინვესტორს, რა წვლილის შეტანა შეუძლია ახალი აქციონერის ინვესტიციებს საქართველოს რეგიონულ ციფრულ ჰაბად ტრანსფორმაციის პროცესში.
„კავკასუს ონლაინს“ კომისიისთვის ყველა საჭირო დოკუმენტი წარდგენილი აქვს, მათ შორის ინვესტორის მიერ აქციების შეძენასთან დაკავშირებული გეგმები, ტრანზაქციის მიზანი და აქციონერის გეგმების ზოგადი აღწერა. ვფიქრობთ, რომ „რა იქნება ხვალ“ ამ კითხვაზე საპასუხოდ, პირველ რიგში, აუცილებელია, კომისიამ დაიწყოს კვლევა, შეაფასოს ინვესტორის სტრატეგიული ხედვა, თუ საჭიროდ მიიჩნევს გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, გამოიკვლიოს რა გავლენას ახდენს განხორციელებული ტრანზაქცია სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.
ამასთანავე, „კავკასუს ონლაინის“ მენეჯმენტს და ინვესტორს არაერთგზის აქვთ საჯაროდ გაცხადებული საქართველოში ციფრული ჰაბის აშენების სურვილი. ხოლო კომუნიკაციების კომისიას გააჩნია სამართლებრივი ბერკეტი დაავალდებულოს ინვესტორი და ოფიციალურად გააფორმოს ასეთი ვალდებულება. ამის სანაცვლოდ, სიუჟეტის მეშვეობით ხორციელდება შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება თითქოს კომპანიის ახალი მფლობელი აპირებს მონაცემთა გაცვლის ცენტრის - ციფრული ჰაბის - სხვა ქვეყანაში გადატანას, რომელიც დღესდღეობით არც საქართველოში არსებობს და არც აზერბაიჯანში.
დგას თუ არა კომპანიისთვის ფინანსური სარგებელი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და ჩვენს, ამ ინტერნეტის მომხმარებელთა უსაფრთხოებაზე მაღლა?
„კავკასუს ონლაინი“ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ათწლეულია ოპერირებს, მთელი ამ წლების განმავლობაში კავკასუს ონლაინისთვის ყოველთვის იყო და არის პრიორიტეტული მომხმარებლების ინტერესებზე ზრუნვა, როგორც მომსახურების უსაფრთხოების, ასევე ხარისხის და ხელმისაწვდომობის კუთხით. კავკასუს ონლაინი ყოველთვის გამოირჩეოდა და დღესაც ამაყობს იმით, რომ არის ინოვაციური, პროგრესული კომპანია, რომელიც მუდმივად ზრუნვას კომპანიის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის განვითარებაზე. ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარებაში. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სატელეკომუნიკაციო სექტორის მიერ პანდემიით გამოწვეულ კრიზისულ სიტუაციასთან წარმატებით გამკლავებაში, რითაც დღეს სახელმწიფო და მარეგულირებელი კომისია ასე ამაყობს, „კავკასუს ონლაინის“, როგორც საბითუმო ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის როლი არის შეუფასებლად მნიშვნელოვანი.
2019 წლის ოქტომბრიდან დღემდე, სახელმწიფო ფაქტობრივად რეპრესიულ პოლიტიკას ახორციელებს კომპანიის მიმართ, დაკისრებული ჯარიმების ოდენობა იმ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, რომელიც კომპანიის უფლებამოსილების ფარგლებში ფიზიკურად ვერ ექცევა, უკვე ერთ მილიონ ლარს აღწევს. ჯარიმების პარალელურად, კომისიის ინიციატივით, საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებულ ვადებში მხოლოდ „კავკასუს ონლაინზე“ მორგებული კანონპროექტი შეიმუშავა და ერთ კვირაში დაამტკიცა. ახალი რეგულაციებით კომისიას შეუძლია დანიშნოს სპეციალური მმართველი კომპანიაში შეუზღუდავი უფლებამოსილებებით, რაც კომპანიის სამეწარმეო თავისუფლებასა და საკუთრების უფლებას უხეშად ზღუდავს.
კომისიას დღემდე არ აქვს იმ კითხვაზე პასუხი რა გავლენა იქონია ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილებამ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე. თუ რამე არის უთქმელად გასაგები, ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ მნიშვნელოვანი კითხვის სახელმწიფო ორგანოების მხრიდან უპასუხოდ დატოვებაა, და ამას კონკრეტული მიზეზიც აქვს რატომ: ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილებას კომპანიის საქმიანობაზე გავლენა არ მოუხდენია.
ერთ წელზე მეტია კომპანიას ახალი ბენეფიციარი მესაკუთრე ჰყავს და ბაზარზე მდგომარეობა არათუ ნეგატიურად არ შეცვლილა, არამედ პირიქით თავად კომისიის შეფასებით, საბითუმო სატელეკომუნიკაციო ბაზარი პოზიტიურად განვითარდა.
სიუჟეტის ავტორს გაშუქებულ საკითხზე ინფორმაცია რომ სათანადოდ გამოეკვლია, აუცილებლად აღმოაჩენდა რომ დღემდე, მთელი ამ თვეების განმავლობაში, „კავკასუს ონლაინის“ მისამართით მის მომხმარებლებს რაიმე საჩივარი, ან პრეტენზიაც კი არ წარუდგენიათ არც სასამართლო და არც მარეგულირებელ ორგანოში. კომპანია კეთილსინდისიერად აგრძელებს ყველა იმ სახელშეკრულებო პირობის დაცვას და ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რაც აღებული აქვს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. ის რომ კომპანია არსებულ მდგომარეობაშიც კი შეუფერხებლად აგრძელებს საქმიანობას, უმეტესწილად, კომპანიის მთავარი და უნიკალური რესურსის, მისი თანამშრომლების და მენეჯმენტის დამსახურებაა, რომლებიც ყველა იმ კრიზისულ მდგომარეობას, რომელშიც კომპანია არაერთხელ აღმოჩენილა პროფესიონალიზმით და საკუთარი საქმისადმი ერთგულებით ყოველთვის წარმატებით უმკლავდებიან.
ვფიქრობთ, რიტორიკული კითხვის დასმასაც არ საჭიროებს, რომ კომპანია მისი ეკონომიკურ-სამართლებრივი ფორმიდან, ბუნებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ორიენტირებულია მოგების გაზრდაზე და ფინანსური სარგებლის მიღებაზე. თუმცა, თავისი საქმიანობის პროცესში, კომპანია მოქმედებს იმ წესების და პოლიტიკის მიხედვით, რომლებიც სახელმწიფოს მიერ ნორმატიული აქტებით მკაფიოდ და ნათლადაა განსაზღვრული. იმის დადგენა/შეფასება რა არის ქვეყნის ეროვნული ინტერესი, ეროვნული უსაფრთხოება, რა აქტივია სტრატეგიული, თუ კრიტიკული მნიშვნელობის არ ექცევა არც კერძო ავტონომიის სფეროში და არც აღმასრულებელი ხელისუფლების რომელიმე რგოლის სუბიექტური შეფასების ფარგლებში.
ამიტომ, კითხვაზე საპასუხოდ - დგას თუ არა კომპანიისთვის ფინანსური სარგებელი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა? - პირველ რიგში, სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანომ უნდა გასცეს პასუხი: რა არის ის საკანონმდებლო ჩარჩო, რაც განსაზღვრავს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, აქტივებს, რომლებიც ქვეყანისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონეა და ამ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფარგლებში რა ვალდებულებები აქვთ სახელმწიფოს წინაშე კერძო პირებს.
პასუხები დღემდე სწორედ ამ კითხვებზე არ არსებობს. ამ შემთხვევაში, კითხვებზე პასუხების მისაღებად, მხოლოდ სათანადო ადრესატებისთვის მისი დასმა არ კმარა. საჭიროა, სახელმწიფომ საკუთარი ხედვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ნაწილში ასახოს ნორმატიულ აქტში. მარტივად რომ ვთქვათ, ეროვნული ინტერესების შესახებ ხედვა ჯერ უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს და შემდეგ აღმასრულებელმა ორგანოებმა ამ ხედვის ფარგლებში დადგენილი ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებლობა უნდა დააკისრონ კერძო სუბიექტებს.
კრიტიკული ინფრასტრუქტურის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობის პირობებში, სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის რისკი განსაკუთრებით მაღალია, რომ ეროვნული ინტერესის დაცვის აბსტრაქტული მოტივით შეზღუდოს კერძო სუბიექტის უფლებები. სწორედ ამ რისკის წინაშე დგას დღეს კომპანია და კომპანიის ყველა ქმედება იმ ინტერესს ემსახურება, რომ შეძლოს სახელმწიფო თვითნებობისგან თავის დაცვა და საქმიანობის განხორციელება სახელმწიფოს მხრიდან უხეში ჩარევის გარეშე.
რატომ გაასხვისა „კავკასუს ონლაინმა“ კომპანიის წილი უკანონოდ, კომუნიკაციების კომისიის გვერდის ავლით და რატომ ჩაუგდო ხელში ქვეყნის ერთადერთი ოპტიკური ბოჭკოვანი კაბელი უცხო ქვეყანას?
„კავკასუს ონლაინი“ წარმოადგენს შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მესაკუთრეს. 1200 კილომეტრიანი წყალქვეშა კაბელი შავი ზღვის ფსკერზეა განთავსებული საქართველოს ტერიტორიაზე (საქართველოს შიდა საზღვაო წყლები და ტერიტორიული ზღვა), ბულგარეთის ტერიტორიაზე (ბულგარეთის შიდა საზღვაო წყლები და ტერიტორიული ზღვა) და ღია ზღვაში. Tyco Electronics-ის მიერ კაბელის მშენებლობიდან, ანუ 2008 წლიდან დღემდე შავი ზღვის კაბელის მესაკუთრე არის „კავკასუს ონლაინი“ და კავკასუს ონლაინის 100% შვილობილი ბულგარული კომპანია. შავი ზღვის კაბელის, როგორც აქტივის მესაკუთრე და მფლობელი უცვლელია და ის კვლავ საქართველოს იურისდიქციაში რეგისტრირებული, მოქმედი, რეგულირებული კომპანიის, „კავკასუს ონლაინის“ ხელშია.
„კავკასუს ონლაინი“ დამოუკიდებელი სუბიექტია და მისთვის კანონითა და წესდებით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში მოქმედებს. ამავე უფლებამოსილებების ფარგლებში აქვს ვალდებულებები და შესაბამისი პასუხისმგებლობებიც. კომპანიას შეუძლია მხოლოდ მისი კუთვნილი ქონება, მათ შორის, წილები განკარგოს. მაგალითად, გაასხვისოს ის წილები, რომელსაც შვილობილ კომპანიებში ფლობს. კომისიის წინაშეც კომპანიის პასუხისმგებლობა მხოლოდ მისი კუთვნილი აქტივების გასხვისებაზე შეიძლება გავრცელდეს. ვერც თეორიულად, ვერც პრაქტიკულად, ვერცერთ იურისდიქციაში ვერ შეძლებს კომპანია გაასხვისოს მისი დამფუძნებლის წილები, ანუ აქტივი რომელიც არა კომპანიას, არამედ მესამე პირებს ეკუთვნის.
შესაბამისად, ფაქტობრივად არასწორია ტელეკომპანიის ჟურნალისტის განცხადება, რომ კავკასუს ონლაინმა ქვეყნის სტრატეგიული ობიექტი ფარულად და კანონდარღვევით გაყიდა.
სიუჟეტი სწორ ფაქტებზე რომ ყოფილიყო დაფუძნებული, საზოგადოებისთვის სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა: შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მესაკუთრე და მფლობელი იყო და დღესაც არის ქართული კომპანია, „კავკასუს ონლაინი“, რომელიც საქართველოს ბიუჯეტში იხდის მიღებული შემოსავლებიდან გადასახადებს. ბიზნეს საქმიანობის განხორციელებისას კომპანია ქართულ კანონმდებლობას ექვემდებარება, ავტორიზებული პირია და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალეა, საჯაროა. „კავკასუს ონლაინს“ აქტივი არ გაუსხვისებია. წილი „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელ კომპანიაში „კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარმა მესაკუთრემ გაასხვისა. კავკასუს ონლაინი შეიძლება გარიგების საგნად ჩაითვალოს, მაგრამ გარიგების მხარე, მითუმეტეს, წილის გამყიდველი, არ არის.
რატომ არ ასრულებს 10 თვეზე მეტია კანონსა და კომისიის გადაწყვეტილებებს.
პასუხი კითხვაზე - რატომ არ ასრულებს 10 თვეზე მეტია კანონსა და კომისიის გადაწყვეტილებას მარტივია: იმიტომ, რომ კომისია ისეთი ვალდებულების შესრულებას სთხოვს „კავკასუს ონლაინს“, რაც მის შესაძლებლობებს, უფლებამოსილებებს აღემატება. ცალკე საკითხია, არის თუ არა კომისიის გადაწყვეტილები კანონთან შესაბამისი, და ამ კითხვაზე პასუხი ამჯერად საქართველოს სასამართლომ უნდა გასცეს იმ წარმოებების ფარგლებში, რომლებიც სასამართლოში კომისიის გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმების მოთხოვნით მიმდინარეობს.
რატომ აარიდა თავი ამ კითხვებზე პასუხების გაცემას „კავკასუს ონლაინმა“
„კავკასუს ონლაინი“ არცერთ ფორუმზე იქნება ეს ადმინისტრაციული წარმოება, საკანომდებლო ორგანოში მიმდინარე განხილვები, სატელევიზიო თუ ბეჭდური გამოცემები კითხვებზე პასუხს არ არიდებს თავს. პირიქით, კომპანიის ინტერესია, რომ ხელი შეუწყოს საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას.
სამწუხაროა, რომ ამ ინტერესის დაცვის შესაძლებლობა „იმედის კვირის“ ჟურნალისტებმა კომპანიას არ მისცეს. რითაც არამხოლოდ კომპანიის ინტერესი დააზარალეს, არამედ უხეშად დაარღვიეს ქარტიის ძირითადი პრინციპები, რომელ პრინციპებსაც უნდა ეფუძნებოდეს ჟურნალისტური საქმიანობა.
კომპანია გეგმავს, რომ განცხადებით მიმართოს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას იმედის კვირაში გასული სიუჟეტის ავტორების მიერ ქარტიის პრინციპების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით.