საწყის ეტაპზე, რა თქმა უნდა, ყველას მოვუწოდებთ, რომ დარჩნენ იმ ადგილებსა და სასტუმროებში, სადაც ისინი განთავსებულები არიან, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე განმარტებით, მოხდება ეტაპობრივად ყველასთან კომუნიკაცია იმისთვის, რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს სრული შესაძლებლობა, საკარანტინო პერიოდი სვანეთში გაიაროს ან მოხდეს მათი ორგანიზებულად გადაყვანა იმ რეგიონებში, სადაც უკვე არის საკარანტინო ზონები.
„როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩვენ ვიმყოფებით პირდაპირ კავშირსა და კონტაქტზე სასტუმროებთან, განთავსების ობიექტებთან, რომლებიც მდებარეობს სვანეთში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ყურადღება გამოვიჩინოთ განსაკუთრებით იმ ადამიანებთან მიმართებით, რომლებიც სვანეთში იმყოფებიან ტურისტული მიზნებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ადამიანებს მოუწევთ სავალდებულო კარანტინის გავლა. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიყოთ პირდაპირ კავშირზე ყველა სასტუმროსთან. დამსვენებლებსაც მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალური კონტაქტი ჰქონდეთ უშუალოდ იმ სასტუმროების მმართველ გუნდთან, რომლებთანაც ისინი სტუმრად არიან.
რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოსთვის, ტურისტული ნაკადებისთვის და უშუალოდ სვანეთისთვის ეს არ იყოს მტკივნეული პროცესი, იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ შემდგომ პერიოდში კიდევ უფრო მეტი მოტივაცია, რომ იმოგზაურონ უსაფრთხოდ. აქ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის მაქსიმალური ჩართულობა და პასუხისმგებლობით მიდგომა უშუალოდ იმ პროტოკოლების დასანერგად და აღსასრულებლად, რომლებიც უკვე ჩართულია და გატარებულია არერთ რეგიონში,“- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.