გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, აბაშის მუნიციპალიტეტში, ანჯელის მასივში, სიმინდის საყანე ფართობები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ მავნებლის საწინააღმდეგოდ გატარებული თანმიმდევრული და კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, წელს ფერმერებს მაღალი ხარისხის მოსავალი აქვთ, რაც მათ შემოსავლებზე აისახება.
„მავნებელთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას მსოფლიოს მრავალ წამყვან ქვეყანაში სამაგალითოდ აღიარებენ. სახელმწიფოს მიერ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებმა, სხვა დაავადებების ლიკვიდაციასაც შეუწყო ხელი. ფერმერები ძალიან მადლიერები არიან, წელს 20/30 პროცენტით მეტი სიმინდია დათესილი“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
,,სურსათის ეროვნული სააგენტო ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. სიმინდის საყანე ფართობები ცივი შესხურების ტექნოლოგიითა და მსოფლიო ექსპერტების მიერ რეკომენდებული პრეპარატებით მუშავდება. წამლობა უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით მიმდინარეობს. ტყისპირა პერიმეტრებზე მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები. დღეისათვის, სამეგრელოს რეგიონში ცივი შესხურებით დამუშავებულია 25 000-მდე ჰექტარი ფართობი, დამონტაჟებულია 7000 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.