სვოპებისა და დერივატივების საერთაშორისო ასოციაცია საქართველოზე სამართლებრივ დასკვნას აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო სვოპებისა და დერივატივების ასოციაციამ (ISDA) საქართველოზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის დასტურია.

„2019 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა. 2020 წლის 29 ივლისს, საერთაშორისო სვოპებისა და დერივატივების ასოციაციამ (ISDA) საქართველოზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის დასტურია. როგორც კანონის პროექტი, ისე ISDA სამართლებრივი დასკვნა მომზადდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ქმედითი მხარდაჭერით. ISDA-ს ურთიერთგაქვითვაზე გამოქვეყნებული აქვს სამართლებრივი დასკვნები 75-ზე მეტ ქვეყანაზე და მათი განახლება ყოველწლიურად, კანონმდებლობის ცვლილებების შესაბამისად ხდება. ამიერიდან ამ ჩამონათვალს საქართველოც დაემატა.

ISDA სამართლებრივი დასკვნის გარეშე დაინტერესებულ ინვესტორებს ცალ-ცალკე მოუწევდათ ინდივიდუალური სამართლებრივი დასკვნის დაკვეთა იურიდიული ფირმებისათვის, რაც ართულებს და აძვირებს ინვესტირებას. შესაბამისად, ასეთი სამართლებრივი დასკვნის არარსებობის გამო, ბევრი პოტენციური ინვესტორი თავს იკავებდა ქართულ ფინანსურ ინსტიტუტებთან გარიგებების დადებისგან. დღეიდან კი ეს შემაფერხებელ ფაქტორს აღარ წარმოადგენს. ISDA-ს სამართლებრივი დასკვნა ხელმისაწვდომი იქნება ყველა სახელშეკრულებო მხარისთვის, მათ შორის ფინანსური ინსტიტუტებისთვის, კორპორაციებისთვის, ფონდებისთვის და სხვა დაწესებულებებისთვის. აღნიშნული დასკვნა მნიშვნელოვნად შეამცირებს საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნებს ფინანსური ორგანიზაციებისთვის და საგრძნობლად წაახალისებს დერივატივული გარიგებების დადებას ქართულ ორგანიზაციებთან. საერთაშორისო ასოციაციის დასკვნას მსოფლიოში მრავალი ფინანსური ორგანიზაცია ენდობა და მისი დადებითი შეფასება საქართველოში ფინანსური ბაზრის განვითარებას პოზიტიურ ბიძგს მისცემს”,-აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.