ნათია თურნავა - ყველაფერი კეთდება, რომ ეპიდემიის აფეთქების მორიგი კერის ლოკალიზება და გაუვნებელყოფა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, როგორც მესტიაში, ასევე ქვეყნის სხვა რეგიონებში ვიზიტორების განთავსების საკმარისი რესურსი არსებობს.

„მოსახლეობასთან საუბრისას, ჩვენ ყოველთვის ვიმეორებთ, რომ კოვიდი არსად გამქრალა და ეპიდემია არ დაგვიმარცხებია. ჩვენ ვისწავლეთ ეპიდემიის ეფექტური მართვა. მესტიაში უკვე შევარჩიეთ 20 სასტუმრო, აღვრიცხეთ ვიზიტორები და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკარანტინო სივრცეებში მათი გეგმაზომიერი გადაყვანა მოხდეს. საკარანტინო სივრცეები მოეწყო როგორც უშუალოდ მესტიის მუნიციპალიტეტში, ასევე დანარჩენ საქართველოშიც გვაქვს საკმარისი რესურსი ამისთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ მესტიის მუნიციპალიტეტში შექმნილი ვითარების შესახებ.

მინისტრის განცხადებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საგანგებო მუშაობის რეჟიმშია გადასული. მასთან ერთად, პროცესში აქტიურადაა ჩართული მთის კურორტების განვითარების კომპანიაც.

„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეპიდემიის აფეთქების ამ მორიგი კერის ლოკალიზება და გაუვნებელყოფა რაც შეიძლება სწრაფად, შედარებით უმტკივნეულოდ მოხდეს,“ - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა პანდემიის დაწყების მომენტიდან იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევები იყოს მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად მართული და აღმოფხვრილი. „ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რამდენად მნიშვნელოვანია იმ პროტოკოლების და წესების დაცვა, რაც ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა მოამზადეს - საუბარია სოციალური დისტანციაზე, პირბადის გამოყენებასა და სხვა უამრავ რეკომენდაციაზე. ჩვენ ამ წესების შესრულებას ვაკონტროლებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, სწორედ ამით არის განპირობებული მთავრობის ფრთხილი მიდგომა, რასაც იჩენს მობილობის გახსნისა და ფრენების თანდათან აღდგენის მიმართულებით.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.