სამედიცინო დაზღვევის პოლისების რაოდენობა გაიზარდა  - მოსახლეობის რამდენი პროცენტი სარგებლობს მომსახურებით

კერძო სამედიცინო დაზღვევის პოლისების რაოდენობა გაიზარდა. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაცემული პოლისების რაოდენობა 4,5%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2020 წლის 6 თვეში მოქმედებდა სულ 607, 220 სამედიცინო დაზღვევა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 580,570 ერთეული.

ამასთან, გაზრდილია მოზიდული სადაზღვევო პრემიების მოცულობაც. სადაზღვევო ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 2020 წლის 6 თვეში მოზიდული იყო 171.43 მლნ ლარის პრემია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში 145.65 მლნ ლარის.

ამავე მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 16% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, 17 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

2020 წლის 6 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 376,9 მილიონი ლარი, რაც 9%–ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე. მზღვეველების სადაზღვევო მოგება შეადგენს 89,5 მილიონ ლარს და გაზრდილია 23%-ით, ხოლო წმინდა მოგება - 29,2 მილიონ ლარს, რაც 49%-ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე.

ამასთან, სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 976,7 მილიონ ლარს და წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით გაზრდილია 3%-ით, ხოლო კაპიტალი გაზრდილია 18%-ით და შეადგენს 273,9 მილიონ ლარს.

ნინი ქეთელაური