2021 წლის ივნისამდე მსოფლიო ბანკი კორონავირუსის წინააღმდეგ 160 მლრდ აშშ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.
”კორონავირუსის პანდემიის საპასუხოდ, მსოფლიო ბანკმა მიიღო ზომები სწრაფი რეაგირებისთვის და გეგმავს, მომავალი 15 თვის განმავლობაში, 2021 წლის 30 ივნისამდე გამოყოს 160 მლრდ დოლარი“, ნათქვამია დოკუმენტში.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ფინანსურ წელს (რომელიც 30 ივნისს დასრულდა) მსოფლიო ბანკმა კორონავირუსის პანდემიის შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად, დახმარებისთვის ჯამში დაახლოებით 21 მილიარდი დოლარი უკვე გამოყო.
”იმის გამო, რომ განვითარებად ქვეყნებს უპრეცედენტო სამედიცინო, სოციალური და ეკონომიკური კრიზისი ემუქრებათ, რომელიც საფრთხეს უქმნის ათწლეულების განმავლობაში განვითარებულ პროგრესს და მილიონობით ადამიანს სიღარიბისკენ უბიძგებს, მსოფლიო ბანკის მისია კვლავ უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე.
ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი დახმარების გასაზრდელად დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის და რესურსების გადამისამართებას არასტაბილურობის, კონფლიქტისა და ძალადობის მქონე ქვეყნებისთვის“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპამ და დასძინა, რომ გრძელვადიან პერიოდში, მსოფლიო ბანკის პრიორიტეტები ორიენტირებული იქნება ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაზე, მოსახლეობისთვის საშუალო შემოსავლის გაზრდაზე და ა.შ.
ცნობისათვის, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკა წელს შემცირდება თითქმის 5% -ით, მაგრამ ის მომავალ წელს გაჯანსაღებას დაიწყებს და გაიზრდება 5,4% -ით.