საქართველოში რეგისტრირებული, დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა შემცირდა, კომპანიების მიერ მიღებული პრემიების რაოდენობა კი გაიზარდა. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის 6 თვეში დაზღვეული იყო 92,753 ავტომობილი, ხოლო 2019 წლის ანალოგიიურ პერიოდში - 92,994 ერთეული.
რაც შეეხება მოზიდულ პრემიებს, 2020 წლის 6 თვეში, კომპანიებმა 58.99 მლნ ლარის პრემია მოიზიდეს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში - 57.83 მლნ ლარის.
სადაზღვეო ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეული. ამასთან, აღსანიშნვია, რომ შსს-ს მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით, 1.32 მლნ ავტომობილია რეგისტრირებული.
ცნობისთვის, 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, 17 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას;
2020 წლის 6 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 376,9 მილიონი ლარი, რაც 9%–ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე. მზღვეველების სადაზღვევო მოგება შეადგენს 89,5 მილიონ ლარს და გაზრდილია 23%-ით, ხოლო წმინდა მოგება - 29,2 მილიონ ლარს, რაც 49%-ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე.
ამასთან, სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 976,7 მილიონ ლარს და წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით გაზრდილია 3%-ით, ხოლო კაპიტალი გაზრდილია 18%-ით და შეადგენს 273,9 მილიონ ლარს.