იყიდის თუ არა რუსული „ინტერ რაო“ „თელასში“ დარჩენილ წილს - კომპანიის პასუხი

საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.5%-ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს.

„საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. „ბიჯის ოდენობაა 50 000 ლარი. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.

საჯარო აუქციონი 2020 წლის 10 აგვისტოს გამოცხადდა და 9 სექტემბერს ჩატარდება სს „საპარტნიორო ფონდის“ ოფისში.

„თელასის“ აქციათა 75% „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია, ხოლო დარჩენილი წილი - სახელმწიფოს. სწორედ ამ წილის გასხვისებას გეგმავს საჯარო აუქციონით „საპარტნიორო ფონდი“.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ხომ არ გეგმავს აუქციონში მონაწილეობის მიღებას და დარჩენილი წილის შესყიდვას „ინტერ რაო“. როგორც რუსულ კომპანიაში განაცხადეს, ისინი აუქციონში მონაწილეობის მიღებას და დარჩენილი წილის შესყიდვას არ აპირებენ.

„ინტერ რაოს“ არ აქვს გეგმაში, შეიძინოს „თელასში“ წილი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კომპანიის ახალ ინვესტორთან კონსტრუქციული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა გვექნება“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ „ინტერ რაო ეს“-ში.